Black Friday-ს პერიოდში ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი კოსმეტიკა და პარფიუმერიაა, - ამის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტმა, "გორგიას" დირექტორმა თორნიკე გურულმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" დილის ეთერში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში ფასზე ორიენტირებული მომხმარებლების რიცხვი ყველაზე დიდია.
"Black Friday-ს მნიშვნელობას ადამიანები ვერ იგებდნენ ხოლმე, თუმცა უკვე ვისწავლეთ ამ დღის მნიშვნელობა და მომხმარებლებმა ამ დღისთვის თანხის დაზოგვა დაიწყეს. ბიზნესიც ამისთვის, რა თქმა უნდა, ვემზადებით. ცალკეულ ქსელებში ვხედავთ იმას, რომ ხელოვნურად იზრდება ფასები და შემდეგ აკლებენ. ეს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ხდება. ბოლო პერიოდში მომხმარებელი ისე გაცნობიერდა და შეისწავლა ფასები და ვაჭრობის ხრიკები, რომ ასეთი შემთხვევები უფრო და უფრო ნაკლები ხდება. სოციალური მედიის ეპოქაში თითქმის შეუძლებელია მომხმარებელი მოატყუო. ჩვენი დაკვირვებით, მომხმარებელი რეაგირებს ისეთ ფასდაკლებებზე, რომელიც აღემატება 40%-ს.
მთელ მსოფლიოში ფასზე ორიენტირებული მომხმარებლების რიცხვი დიდია, მაგრამ საქართველოში ასეთი მომხმარებლების რაოდენობა პროცენტულად ყველაზე მაღალია. ამიტომაც, ჩვენთან Black Friday ყველაზე მეტად მუშაობს", - აცხადებს თორნიკე გურული.
მანვე აღნიშნა, რომ Black Friday-ით ყველა ტიპის მომხმარებელია დაინტერესებული და ადამიანები უფრო რაციონალურ საკითხებს, მათ შორის, ხარისხს, ფასს და გარანტიას აქცევენ ყურადღებას, ვიდრე ბრენდებს.
თორნიკე გურულის შეფასებით, მომავალში Black Friday კიდევ უფრო წარმატებული იქნება, რადგან უკვე პატარა კომპანიებიც ხედავენ თუ რამხელა შემოსავლებს აგენერირებენ მსხვილი კომპანიები.