logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქებს შორის ფრენების ზრდა კიდევ ერთი ხელშემწყობი გარემოება იქნება ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის"

"საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქებს შორის ფრენების ზრდა კიდევ ერთი ხელშემწყობი გარემოება იქნება ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის"

1754925966

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabiს მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების სიხშირის გაზრდის გადაწყვეტილება სრულ თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს როგორც საავიაციო ნაწილში, ასევე ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების მიზნით. 

 „საქართველოს მთავრობის საავიაციო პოლიტიკა, ერთი მხრივ, ითვალისწინებს ახალი მიმართულებების, ახალი ავიაკომპანიების შემოყვანას საქართველოს ავიაბაზარზე, ხოლო, მეორე მხრივ, არსებული მარშრუტების და ავიაკომპანიების ჭრილში სიხშირეების გაზრდას. სწორედ ამ მიმართულებით შედგა შეთანხმება ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi-სთან.  ავიაკომპანია საქართველოში 2021 წლიდან ოპერირებს და მისი დინამიკა წლიდან წლამდე მზარდია, ისევე, როგორც ზოგადად დაკავშირებადობის, ტურისტებისა და ვიზიტორების მოძრაობა საქართველოსა და ყურის ქვეყნებს შორის“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ავიაკომპანია აბუ დაბი - თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში 8-ჯერ შეასრულებს, მათ შორის, ხუთშაბათობით  დღეში ორჯერ. აღსანიშნავია, რომ Air Arabia Abu Dhabi-მ 2021 წელს თბილისის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით დაიწყო ოპერირება, თუმცა, მოთხოვნის ზრდასთან ერთად რეისების რაოდენობაც გაზარდა.

„ჩვენთვის როგორც ეკონომიკური, ასევე ტურისტული მიმართულებით ყურის ქვეყნები წარმოადგენენ განსაკუთრებული ინტერესის სფეროს, განსაკუთრებულ პრიორიტეტს. წლიდან წლამდე მზარდია როგორც ტურისტული ნაკადები, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით მგზავრთა და ვიზიტორთა გადაადგილება. შესაბამისად, ავიაკომპანიის გადაწყვეტილება სრულ თანხვედრაშია ჩვენი მთავრობის პოლიტიკასთან“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

 Air Arabia Abu Dhabi-ის მიერ თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეების გაზრდა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს საავიაციო პოლიტიკის წარმატებას, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების დინამიკას და ჩვენი ქვეყნის სწორ პოზიციონირებას საერთაშორისო  ბაზრებზე. ირაკლი ნადარეიშვილის პროგნოზით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ზრდა კიდევ ერთი ხელშემწყობი გარემოება იქნება ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.

 აღსანიშნავია, რომ გასული წლის მონაცემებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის 647 710 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და ყურის ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 59%-ი შეადგინა. ამასთან, 2025 წლის 6 თვეში  საქართველოში ყურის ქვეყნებიდან მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა  -  47,430 ვიზიტი  დაფიქსირდა.

გამოგვყევით