აპრილში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფასები 18.2 პროცენტით მომატებულია ზეთსა და ცხიმზე. ბოსტნეული და ბაღჩეული 16.5 პროცენტითაა გაძვირებული ხოლო ყავა, ჩაი და კაკაო – 15.7 პროცენტით.
შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე ფასები 11.0 პროცენტითაა გაზრდილი, ხოლო პურსა და პურპროდუქტებზე – 8.3 პროცენტით. 8.0 პროცენტითაა გაძვირებული მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები.
თევზეული 6.1 პროცენტით გაძვირდა. რძე, ყველი და კვერცხი – 5.5 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 0.7 პროცენტით. ამასთან, ფასები -8.3 პროცენტითაა შემცირებულია ხილსა და ყურძენზე.
„ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.77 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.5 პროცენტი), სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (7.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.1 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (20.0 პროცენტი), დაზღვევა (8.7 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (5.4 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (3.2 პროცენტი); კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.46 პროცენტული პუნქტით აისახა“, – ნათქვამია "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.