logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ბოლო პერიოდში, საქართველოში ევროპელი ტურისტების რაოდენობა შემცირდა" - "ანაპეას სოფელი"

ტურიზმის სფეროდან დიდად სახარბიელო მოლოდინი არ გვაქვს, რადგან ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ტურისტების რაოდენობაში ევროპულმა ნაწილმა იკლო, - ამის შესახებ კახეთში, ყვარლის მიმდებარედ პირველი მუზეუმის ტიპის სასტუმრო-კომპლექსის "ანაპეას სოფლის" დამფუძნებელმა ხატია დარგუაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

ხატია დარგუაშვილის ცნობით, "ანაპეას სოფელი"  სწორედ შემცირებული მოთხოვნის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკეტილი იყო, თუმცა რამდენიმე დღეში აქტიურ მუშაობას იწყებს. 

"ჩვენ რუსულ ბაზარზე არ ვმუშაობთ და გაგვიჭირდება, მაგრამ მყარად ვდგავართ ჩვენს მოსაზრებაზე. ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენი კომპლექსი იმდენად მრავალფეროვანი და უნიკალურია, რომ ვფიქრობთ დაინტერესება იქნება. გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი პროექტით სამყაროს ცივილური ნაწილი დაინტერესდება. 

ზოგადად ქვეყნის კურსის და უსაფრთხოება დიდ გავლენას ახდენს ტურისტის შემოსვლაზე. შესაბამისად, ტურისტებისთვის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია და ქვეყანაში არსებულმა არასტაბილურმა მდგომარეობამ შესაძლოა მათ ჩვენთან მოგზაურობის გეგმა შეუცვალოს", - აცხადებს დარგუაშვილი.

მისივე თქმით, მათი მიზანი არის ის, რომ ტურისტული კომპლექსი ერთგვარი საგანმანათლებლო ცენტრიც გახდეს, სადაც გამოფენები, პრეზენტაციები და მსგავსი ტიპის ღონისძიებები გაიმართება.

ცნობისთვის, "ანაპეას სოფელი" 2024 წლის შემოდგომას გაიხსნა. კომპლექსი 1 ჰა-ზეა გაშენებული და კახეთში, ყვარლის რაიონში მდებარეობს. ტურისტული კომპლექსი "ანაპეას სოფელი" სასტუმროსა და ღვინის მუზეუმს რამდენიმე დღეში გახსნის. კომპლექსი მოიცავს "თავადის სახლს", "აზნაურის სახლს" და სხვა, ჯამში 6 სახლს, მათ შორის, ჯამში 32 სასტუმრო ნომერს, რომელშიც 60-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. 

გამოგვყევით