logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ანაპეას სოფელი" სასტუმროსა და ღვინის მუზეუმს რამდენიმე დღეში გახსნის

ტურისტული კომპლექსი "ანაპეას სოფელი" სასტუმროსა და ღვინის მუზეუმს რამდენიმე დღეში გახსნის, - ამის შესახებ კახეთში, ყვარლის მიმდებარედ პირველი მუზეუმის ტიპის სასტუმროს დამფუძნებელმა ხატია დარგუაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, "ანაპეას სოფელი" ინფოტურის მოწყობას გეგმავს, სადაც ტურიზმის სეგმენტის წარმომადგენლებისთვის მათი სერვისის გაცნობა მოხდება და შესაბამისად, კომპლექსის დამფუძნებელი გამოთქვამს იმედს, რომ "ანაპეას სოფლის" მიმართ მზარდი ინტერესი იქნება.

"ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენი ტურისტული ობიექტი გარკვეული ეტაპი დახურული იყო, თუმცა უახლოეს მომავალში, მომდევნო 1 თვის განმავლობაში როგორც სასტუმროს, ისე ღვინის მუზეუმს გავხსნით. მოგეხსენებათ, რომ კომპლექსი მოიცავს "თავადის სახლს", "აზნაურის სახლს" და სხვა, ჯამში 6 სახლს. დიზაინი, ინტერიერიც და ექსტერიერიც არის ისეთი, როგორც საუკუნეების წინ იყო. ჯამში 32 სასტუმრო ნომერი გვაქვს, რომელშიც 60-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

გვინდა, რომ დამთვალიერებელმა ტრადიციულ სივრცეში, ვენახის შუაგულში ნახოს და გაეცნოს ჩვენი ღვინის ისტორიას. გარდა ამისა, ადგილზე არის საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, ღვინის მარანი, აუზი და სხვა. პროექტი "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით განვახორციელეთ", - აცხადებს ხატია დარგუაშვილი. 

მისივე ინფორმაციით,  "ანაპეას სოფელი" ღიაა კოლაბორაციებისთვის. ხატია დარგუაშვილის თქმით, მათი მიზანი არის ის, რომ ტურისტული კომპლექსი ერთგვარი საგანმანათლებლო ცენტრი გახდეს, სადაც გამოფენები, პრეზენტაციები და მსგავსი ტიპის ღონისძიებები გაიმართება.

ცნობისთვის, "ანაპეას სოფელი" 2024 წლის შემოდგომას გაიხსნა. კომპლექსი 1 ჰა-ზეა გაშენებული და კახეთში, ყვარლის რაიონში მდებარეობს. 

გამოგვყევით