ჩვენი დახმარებით, სათარჯიმნო ბიუროები თვეში, დაახლოებით, 100 შეკვეთით უფრო მეტს ამუშავებენ. ჩვენ თარჯიმნებს ვეხმარებით, რომ თარგმნის პროცესი მაღალი ხარისხით, გაცილებით სწრაფად წარმართონ და თვეში 2000-დოლარით მეტი შემოსავალი მიიღონ - ამის შესახებ თარჯიმნებისთვის შექმნილი AI ხელსაწყო "სულიკო AI"-ის თანადამფუძნებელმა მიხეილ თენიეშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სტარტაპი მიმდინარე წელს ადგილობრივად განვითარებასა და გაფართოებას გეგმავს, ხოლო მომავალში უცხოური ბაზრების ათვისებას აპირებს.
"სულიკო AI" იგივეა თარჯიმნებისთვის, რაც "კურსორი" დეველოპერებისთვის. აქამდე თუ ერთი გვერდის თარგმნას 40-45 წუთი სჭირდებოდა, ახლა ჩვენი დახმარებით ეს დრო 10-15 წუთამდე შემცირდა. თარგმნისთვის ხელნაწერის გარჩევაც შეგვიძლია და სხვა ყველანაირი ტიპის დოკუმენტის.
ჩვენ ძირითადად B2B მარკეტის მიმართულებით ვართ ორიენტირებულები და თარგმნის სერვისს სათარჯიმნო ბიუროებს ვთავაზობთ. ამჟამად, 15-მდე დამეგობრებული ბიურო გვყავს, მათ შორის, თბილისში, აჭარასა და სხვა რეგიონებში. ასევე, 25-მდე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. მათ შორის, მსხვილ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთაც ოპერირებენ: მათთვის გვაქვს API, რომელსაც ისინი საკუთარ პროდუქტში აინტეგრირებენ. API-ს საშუალებით ავტომატურად თარგმნიან კონტენტს სასურველ ენებზე.
მოთხოვნა არის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სათარჯიმნო ბიუროები თვეში, დაახლოებით, 100 შეკვეთით უფრო მეტს ამუშავებენ. წლის განმავლობაში ვაპირებთ, რომ ჩვენი პროდუქტი მაქსიმალურად დავტესტოთ და მთელი საქართველო მოვიცვათ, ხოლო შემდეგ ლიეტუვას, ლატვიის, ჩეხეთის, პოლონეთისა და ესტონეთის ბაზარზე გავიდეთ, რადგან მარკეტი იგივეა. ტექსტებს იქაც არათანამედროვე ხერხით თარგმნიან.
ზოგადად ყველაზე მოთხოვნადი ენებია - ინგლისური, რუსული და ჩინური. რაც შეეხება მოთხოვნას - ყველაზე ხშირი შემთხვევებია, როდესაც მომხმარებლები დაბადების მოწმობის ან სხვა მსგავსი დოკუმენტების გადათარგმნას ითხოვენ, თუმცა ყველაზე მეტი შემოსავალი გენერირდება, მაგალითად, საავტომობილო იმპორტიორი კომპანიებისგან, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის ტექპასპორტების ლოკალიზაცია სურთ. ასევე, ბევრი მომხმარებელი გვყავს, რომლებსაც სატენდერო დოკუმენტების თარგმნა სჭირდებათ“, - აცხადებს მიხეილ თინეიშვილი.
სტარტაპის თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები ვითარდება და ხელით თარგმნაზე მოთხოვნა მცირდება - ნოტარიული თარგმანის აუცილებლობა მაინც ყოველთვის იქნება, რადგან ნოტარიულად დოკუმენტებს რობოტი და კომპიუტერი ვერ დაამოწმებს და შესაბამისად, თარჯიმნის პროფესია ისევ იარსებებს.
ცნობისთვის სტარტაპი მიხეილ თინეიშვილმა და თამარ პეტაშვილმა დააფუძნეს. "სულიკო AI" GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულია.