"საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ - 3.4 პროცენტი.
მათივე ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (5.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (2.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.9 პროცენტი), თევზეული (1.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-2.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1.5პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები(-1.2 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ტანსაცმელზე (2.3 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (0.7 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (0.5 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (0.3 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.11პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (-1.9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.3 პროცენტი).
ხოლო წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (18.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (15.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.0 პროცენტი),თევზეული (6.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (5.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-8.3 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.77 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.5 პროცენტი), სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (7.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.1 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (20.0 პროცენტი), დაზღვევა (8.7 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (5.4 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (3.2 პროცენტი);
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.46 პროცენტული პუნქტით აისახა.