აპლიკაცია Courtmaster-ი, რომელიც კალათბურთის მატჩების ტრანსლაციას და ანალიტიკას განახორციელებს, ბაზარზე სექტემბრიდან გამოჩნდება. როგორც სტარტაპის დამფუძნებელმა თედო საგინაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, მსგავსი სერვისის მიმწოდებელი პლატფორმა, ან აპლიკაცია ადგილობრივ ბაზარზე არ არსებობს.
მისივე ინფორმაციით, მოლოდინები დიდია, რადგან აღნიშნული პროდუქტის მიმართ კლუბების მხრიდან ინტერესი უკვე არსებობს.
"Courtmaster-ი ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენებით, ქართული კალათბურთის გამარტივებას ისახავს მიზნად. ჩვენს მიერ გადაღებული მატჩები და ავტომატიზირებული ანალიტიკა მწვრთნელებს საქმეს შეუმსუბუქებს და მოთამაშეებს მათ საჭიროებებს აჩვენებს. ჩვენი პროდუქტი წარმოდგენილი იქნება, როგორც აპლიკაციით, ისე ვებგვერდის სახითაც. პლატორმაზე ჩვენი გამოწერის შემთხვევაში გულშემატკივრებს მატჩების პირდაპირი ტრანსლაციის ყურების შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო აპლიკაციაში კლუბები როგორც მთლიანი გუნდის, ისე თითოეული მოთამაშის სიღრმისეულ ანალიტიკას, ვიდეო ანალიზთან ერთად იხილავენ. გარდა ამისა, ე.წ. განვითარების პლატფორმის მეშვეობით მოთამაშეები რეკომენდაციებს მიიღებენ.
რადგან სეზონი უკვე დასრულდა, პირველ ეტაპზე კლუბებს ჩვენს პროდუქტს გავაცნობთ და მივცემთ შესაძლებლობას პრაქტიკაში გამოიყენონ ჩვენი პროდუქტი, ხოლო მომდევნო სეზონის დაწყების შემდეგ მთლიანად ჩავერთვებით პროცესში და ჩვენს აპლიკაციასა და ვებგვერდს სწორედ, ამ დროს წარვადგენთ. ეს დაახლოებით, სექტემბერში იქნება. ჩვენი ძირითადი მიმართულება ბავშვთა სპორტია, თუმცა რა თქმა უნდა, შეგვიძლია უმაღლეს ლიგებთანაც ვიმუშაოთ", - აცხადებს თედო საგინაძე.
მისივე განმარტებით, სტარტაპი თავდაპირველად ადგილობრივი ბაზრის ათვისებას, ხოლო მომავალში კავკასიის, თურქეთისა და ევროპის ბაზრებზე გასვლას გეგმავს.
სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულია.