„კომისიის ფარგლებში შევიმუშავეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით მოხდება ძალიან აქტიური მუშაობა უშუალოდ კერძო სექტორთან, რომ ხელშესახები შედეგები გვქონდეს უახლოესი თვეების განმავლობაში“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების, ასევე საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს.
„მიმდინარე პერიოდის განმავლობაში გვექნება ძალიან აქტიური შეხვედრები უშუალოდ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან - იქნება ეს საცალო ვაჭრობის ქსელები, დისტრიბუტორები თუ სხვა, მათ შორის, პროდუქტების მწარმოებლები. ჩვენი ამოცანაა, რომ უშუალოდ, ამ კომისიის ფარგლებში ხელშესახები შედეგები გვქონდეს უახლოესი თვეების განმავლობაში, ფაქტობრივად, აპრილის ბოლომდე“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
შეგახსენებთ, 2025 წლის ბოლოს, რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.
მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.