ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ფასებთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია 3 თვის განმავლობაში იმუშავებს.
მისი თქმით, სხდომები გამჭვირვალე იქნება და დისკუსია, ბიზნესს წარმომადგენლებთანაც შედგება.
"ჩვენ გვინდა, ბიზნესს დავეხმაროთ და მივცეთ საშუალება, რომ უფრო ეფექტიანად იმუშაოს. როდესაც ვსაუბრობ სტრუქტურულ პრობლემებზე, მიმაჩნია, რომ ბიზნესს ეფექტიანობაში მნიშვნელოვანი კორექცია იქნება შესატანი. როდესაც ჯაჭვში კონკრეტულ კომპანიას მაღალი საოპერაციო ხარჯი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი არაეფექტიანად მუშაობს და ჩვენი მიზანია სივრცე, კონკურენცია გავაჯანსაღოთ. ამით კი იმას მივაღწევთ, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში მნიშვნელოვანი კორექცია მოხდება საოპერაციო ხარჯების ნაწილში. სადაც ვნახავთ, რომ ბიზნესს კაპიტალზე წვდომის პრობლემა აქვს, შესაძლებელია დავეხმაროთ. მნიშვნელოვანი იქნება, ჯამურად აღებული სექტორის კაპიტალის სტრუქტურას შევხედოთ, როგორია დაკრედიტების დონე, რადგან საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აისახება ფასის ფორმირებაში. ჩვენი კომისიის მიზანია, პრობლემების სწორი იდენტიფიცირება შევძლოთ, ასეთ შემთხვევაში შევძლებთ სწორი მექანიზმების შემუშავებას, რომელიც შედეგად უფრო კონკურენტუნარიან ბაზარს მოგვცემს. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში სამომხმარებლო კალათაში პროდუქტების ფასების კორექციაზე მოახდენს გავლენას", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.
შეგახსენებთ, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელიც მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებს. დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
საპარლამენტო კომისიამდე ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება.