საქართველოს მიწის ფონდის შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და სისტემატიზაცია 20-წლიანი ინტერვალის შემდგომ შესაძლებელი გახდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ერთიანი ძალისხმევით.
„მიწის ფონდის ერთიანი ბაზა მოიცავს ორ მიმართულებას: სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ მონაცემებს. სასოფლო-სამეურნეო მიწები გაყოფილია ერთწლიან და მრავალწლიანი კულტურებით დაფარულ ფართობებად, რაც შეეხება არასასოფლო-სამეურნეო ნაწილს, აქ მონაცემები წარმოდგენილია მრავალი მიმართულებით: ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, წყლის ფონდის, მყინვარების, ტბების, ურბანული ტერიტორიების შესახებ და სხვა. მოცემულია საქართველოს მიწის ფონდის სრული სურათი დანიშნულებისა და კატეგორიის მიხედვით“, - განაცხადა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ.
მისი თქმით, იმ პერიოდში, როცა არ არსებობდა მიწის მონაცემთა ერთიანი ბაზა, სახელმწიფო ეყრდნობოდა საჯარო რეესტრის მონაცემებს რეგისტრირებული მიწების შესახებ, სტატისტიკის მონაცემებს, რომლებიც ხშირად ზეპირ გამოკითხვებს ეფუძნებოდა.
„ეს მონაცემები გაფანტული და ფრაგმენტული იყო, დღეს მიწის ფონდის ერთიანი ბაზა თავს უყრის სამინისტროს, საჯარო რეესტრისა და სხვა უწყებების, და რაც მთავარია, სააგენტოს მიერ დამუშავებულ მონაცემებს - გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას, რომელიც მუშაობას გაუადვილებს ყველას როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორს“ - განაცხადა მიშელაძემ.
მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე https://land.gov.ge/Ge/Services/Database ხოლო საქართველოს მიწათსარგებლობისა და მიწათდაფარულობის ინტერაქტიული რუკა განთავსებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გეოგრაფიულ საინფორმაციო პორტალზე https://portal.mepa.gov.ge/Ge/user/map/34