logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"საქართველო შეიძლება ენერგეტიკული ჰაბი გახდეს, რომელიც აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს" - ინგა ფხალაძე

საქართველოს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი სერიოზულ პერსპექტივას უხსნის, რომ ევროპასთან ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობა ჰქონდეს. როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე აცხადებს, საქართველო პოტენციურად შეიძლება, ენერგეტიკული ჰაბი გახდეს, რომელიც აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს. 

მისივე თქმით, აღნიშნულმა პროექტმა მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლები ძალიან დააინტერესა.

"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი საქართველოს ინფიცირებული პროექტია, შემდეგი მეორე ძალიან დიდი პროექტი "მწვანე ენერგიის დერეფნის" პროექტი გახლავთ. 

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი საქართველოდან რუმინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს მოიაზრებს. იდეაში აღნიშნული პროექტი საქართველოდან ევროპაში ელექტროენერგიის მიწოდებას გულისხმობდა, რაც საქართველოს ძალიან სერიოზულ პერსპექტივას უხსნის, რომ ევროპასთან ელექტროენერგიის ვაჭრობის შესაძლებლობა გვქონდეს. პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელი გახდა, რომ საქართველო პოტენციურად შეიძლება ენერგეტიკული ჰაბი იყოს, რომელიც აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს. შესაბამისად, პროექტმა ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდანაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია", - აცხადებს ინგა ფხალაძე.

ცნობისთვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, ელექტროენერგიით ვაჭრობა განახორციელონ. ამასთან, პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას.

გამოგვყევით