აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასატო კანდამ დღეს ADB-ის 59-ე წლიური შეხვედრა გახსნა და აზია წყნარი ოკეანის რეგიონს მოუწოდა „ერთად იმოქმედოს, რათა ერთად განვითარდეს“, უფრო ძლიერი საზღვართშორისი კავშირებით მედეგობისა და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად.
„ამ ახალ გზაჯვარედინზე მიღებული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს მომავალს მომდევნო თაობებისთვის,“ განაცხადა ბ-ნმა კანდამ ADB-ის წლიური შეხვედრის გახსნით სესიაზე. „ამ ფრაგმენტულ სამყაროში ტრადიციული და იზოლირებული განვითარების მიდგომები ვერ იმუშავებს. ახალი ეპოქის პირობებში გადარჩენასა და წინსვლას შეძლებენ მხოლოდ მჭიდროდ დაკავშირებული და მდგრადი სისტემები.“
ADB-ის მმართველთა საბჭოს 59-ე წლიური შეხვედრა 2026 წლის 3–6 მაისს სამარყანდში, უზბეკეთში ტარდება თემით „პროგრესის გზაჯვარედინი: წინსვლა რეგიონის დაკავშირებული მომავლისთვის“. შეხვედრაში მონაწილეობენ სტრატეგიის ექსპერტები, კერძო სექტორის ლიდერები, განვითარების პარტნიორები და ინოვატორები, პრაქტიკული გადაწყვეტილებების მისაღებად რეგიონული კავშირების, ციფრული ინოვაციებისა და განვითარების დაფინანსების გასაუმჯობესებლად.
პრეზიდენტმა კანდამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ თანამედროვე ეპოქაში შოკები სწრაფად ვრცელდება საზღვრებს მიღმა — ენერგეტიკული ბაზრების, მიწოდების ჯაჭვებისა და ციფრული ქსელების მეშვეობით — და განსაკუთრებით მძიმე დარტყმას აყენებს იმ თემებს, რომლებიც ყველაზე ნაკლებად არიან მზად მათ მისაღებად. მისი თქმით, ამ გამოწვევების გადაჭრა მოითხოვს კოორდინირებულ რეგიონულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სცდება ეროვნული საზღვრების ჩარჩოებს.
ADB ამ პროცესს პასუხობს ინვესტიციების ზრდით და რეფორმების დაჩქარებით, რაც ქვეყნებს საშუალებას აძლევს დააკავშირონ ინფრასტრუქტურა, ბაზრები და ინსტიტუტები აზია წყნარი ოკეანის მასშტაბით. გასულ წელს ბანკმა რეგიონს 29.3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა გაუწია და განახორციელა რეფორმები დახმარების უფრო სწრაფად და ფართო მასშტაბით მისაწოდებლად.
კვირას ADB-მა წარადგინა 70 მილიარდი აშშ დოლარის პროგრამა რეგიონული სისტემების შესაქმნელად, რაც გააძლიერებს უსაფრთხოებასა და მდგრადობას აზია წყნარი ოკეანის რეგიონში. პროგრამა მოიცავს 50 მილიარდი აშშ დოლარის ინიციატივას პანაზიური ელექტროენერგეტიკული ქსელის შესაქმნელად, რომლის მიზანია განახლებადი ენერგიის საზღვართშორისი ინტეგრაცია, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება და ემისიების შემცირება; ასევე 20 მილიარდი აშშ დოლარის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საზღვართაშორისი ციფრული კავშირების გაფართოებასა და რეგიონში ციფრული უთანასწორობის შემცირებას.
ADB-მა გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა მიმდინარე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის პირობებში თავისი წევრებისთვის კრიზისზე რეაგირების უზრუნველსაყოფად და გახდა პირველი განვითარების პარტნიორი, რომელმაც ფინანსური მხარდაჭერა შესთავაზა დაზარალებულ ქვეყნებს, რომლებშიც მოსალოდნელია შემდგომი, უფრო ძლიერი ეკონომიკური წნეხი.
ბანკის პროგნოზით, განვითარებად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკური ზრდა წელს შენელდება 4.7%-მდე, გასული წლის 5.4%-თან შედარებით, ხოლო ინფლაცია 3.0%-დან 5.2%-მდე მოიმატებს, რადგან კონფლიქტით გამოწვეული გრძელვადიანი შეფერხებები ზრდის ენერგიის ფასებს, ამკაცრებს ფინანსურ პირობებს და ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას მთელ რეგიონში.
კიდევ უფრო მძიმე ნეგატიური სცენარის შემთხვევაში — კონფლიქტის განახლებული ესკალაციის პირობებში, როდესაც ნავთობის ფასები 2026 წლის მაისში მკვეთრად გაიზრდება და მაღალი დარჩება — განვითარებად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ზრდა შესაძლოა წელს 4.2%-მდე, ხოლო მომავალ წელს 4.0%-მდე შენელდეს, ინფლაციამ კი 2026 წელს შესაძლოა 7.4%-ს მიაღწიოს.
პრეზიდენტმა კანდამ ADB-ს „სტაბილურობის საყრდენი“ უწოდა, რომელსაც თავისი უნიკალური მდგომარეობით საშუალება აქვს დაეხმაროს რეგიონს გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის, კონფლიქტების დამანგრეველი შედეგების, ღრმა ეკონომიკური შოკებისა და მზარდი გარემოსდაცვითი გამოწვევების პირობებში.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ADB-ის სამუშაო შორს არის დასრულებისგან. ბანკი გამოიყენებს თავის შეუდარებელ რეგიონულ მანდატს, უნიკალურ ოპერაციულ შესაძლებლობებს და უნარს იმოქმედოს როგორც დამფინანსებელმა, მრჩეველმა და რესურსების მობილიზატორმა, ისეთი გამოწვევების გადასაჭრელად, როგორიცაა კერძო სექტორის კაპიტალის მოზიდვა განვითარებისთვის და გარემოს დეგრადაციის შეჩერება.
„ წინ მასშტაბური სამუშაო გვაქვს, მაგრამ ჩვენი მიზანი ნათელია. ჩვენ გვაქვს სტრატეგია, გვაქვს რესურსები და კოლექტიური ნება აღსრულებისთვის,“ — განაცხადა მან.
ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად, ინკლუზიურ, და მედეგ ეკონომიკურ ზრდას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.