“ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 576 664 პირის შესახებ ინფორმაცია. აის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
2026 წლის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 41 042 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 64 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 40 978 განაცხადი.
დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა რეესტრს (დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა) აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანა შესაძლებელია შემდეგი არხების გამოყენებით:
- დისტანციური რეგისტრაცია ავტორიზაციის გარეშე
შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ჩანართი „აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრაცია“ https://rs.ge/gamblingRestriction ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, გაიაროს იდენტიფიკაცია სახის ამოცნობის დისტანციური სერვისით. მონაცემების შეტანამდე პირს დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია რეესტრში მონაცემების ასახვისა და შემდგომ მისი ამოღების წესებისა და პირობების შესახებ.
- ავტორიზებული მომხმარებლის პირადი გვერდი
თუ უკვე გააქტიურებული გაქვთ პირადი ელექტრონული გვერდი პორტალზე - eservices.rs.ge შესაძლებელია ავტორიზაციის გზით წარადგინოთ განცხადება დამოკიდებულ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანის თაობაზე.
- ვიზიტი მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში
დამოკიდებულ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანა, ასევე შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში ვიზიტით.