საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ გენდერული სტატისტიკის მე-10 გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც განიხილება გენდერული თანასწორობის, კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების საკითხები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი სრულფასოვანი მონაწილეობა სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში.
ეკატერინე მიქაბაძემ ვრცლად ისაუბრა ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობაზე, ფინანსური განათლებისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის აუცილებლობაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად მხარს უჭერს ქალთა ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვას და თავად ეროვნული ბანკი არის ამის ნათელი მაგალითი, რადგან მაღალი მენეჯმენტის ყველა წევრი და საბჭოს უმრავლესობა ქალბატონია.
ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ სიახლეზე, რომლსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ქალთა მეწარმეობის დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით საფინანსო სექტორში გეგმავს.
„მეწარმე ქალების დაფინანსების წახალისებისა და ამ კუთხით შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით, ეროვნული ბანკის ინიციატივით მომდევნო წლიდან ბანკებისთვის სავალდებულო გახდება პროდუქტების სარგებლობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სტატისტიკის რეგულარული გამოქვეყნება. ეს საშუალებას მოგვცემს დავაიდენტიფიციროთ გამოწვევები და თვალი ვადევნოთ პროგრესს“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
გენდერული სტატისტიკის საერთაშორისო ფორუმი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაეროს სტატისტიკის სამმართველოს (UNSD) ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც 30-მდე ქვეყნისა და 17 საერთაშორისო ორგანიზაციის 200-მდე მონაწილე, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელები, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებებისა და სხვა პარტნიორი დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.