საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალი" დააჯარიმა. მარეგულირებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად ან/და ვადის გადაცილებით წარდგენის 3 (სამი) შემთხვევა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ხოლო, ნახსენები დარღვევის სამი შემთხვევისათვის, სულ - 6,000 (ექვსი ათასი) ლარი;
"მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე კლიენტისათვის რისკის მინიჭების/გადაფასების 4 (ოთხი) ფაქტი, რაც წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის ოთხი შემთხვევისათვის, სულ -12,000 (თორმეტი ათასი) ლარი;
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ კლიენტთან მიმართებით მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში არ არის განხორციელებული „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ზომა, კერძოდ კი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ მიუღია გონივრული ზომა კლიენტების ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად, რაც ხსენებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებით. დარღვევის ერთი შემთხვევისათვის, სულ - 3,000 (სამი ათასი) ლარი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა საქმიანობის არსის დადგენა, რაც წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებებით. დარღვევის ერთი შემთხვევისათვის, სულ - 2,000 (ორი ათასი) ლარი,"-აღნიშნულია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.