საქართველოში, ინდივიდუალური და პირადი დაზღვევის ბაზარი ძალიან ნელა და მდორედ განვითარდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ რატომ აწყდებიან ის მოქალაქეები გარკვეულ დაბრკოლებებს ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის შეძენისას, რომლებსაც არ აქვთ კორპორაციული დაზღვევა, ნინა კობახიძემ ვრცელი განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, ზოგადად, საცალო, ინდივიდუალურ, სამედიცინო დაზღვევას თავისი განვითარების ეტაპები ახლავს და რადგან ამ ტიპის დაზღვევა საქართველოში ჯერ სავალდებულო არ არის, სხვა უამრავი წარმატებული ქვეყნისგან განსხვავებით, აქ გარკვეული გამოწვევები არსებობს.
„განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, სადაც კერძო დაზღვევის გარეშე ადამიანი არ არსებობს, საქართველოში პირადი დაზღვევის ბაზარი ძალიან ნელა და მდორედ განვითარდა. ჩვენს ქვეყანაში დღეს მხოლოდ 2 კომპანია ყიდის ე.წ საცალო სადაზღვევო პროდუქტს და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია და ავხსნი რატომ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ არის სავალდებულო, რაოდენობრივად ჩვენ არასდროს ვიცით, რამდენ ადამიანზე უნდა მოხდეს რისკის გადანაწილება. შეიძლება, ხშირად მოვიდეს ადამიანი, რომელსაც ხვალვე სჭირდება მაგალითად ოპერაცია, ან დაგეგმილი აქვს საკმაოდ მაღალტექნოლოგიური კვლევა და წინა დღეს შეიძინოს დაზღვევა. ეს ხომ არ არის საქველმოქმედო ფონდი, ეს გახლავთ ჩვეულებრივი ბიზნესი, ფინანსური სექტორი, რომელიც ითვლის, თუ რა უნდა ღირდეს ესა თუ ის სადაზღვევო პაკეტი. თქვენ რომ მიხვიდეთ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში და ინდივიდუალური დაზღვევა ასე შეიძინოთ, უდიდეს კვლევას ჩაგიტარებენ, ანუ სამედიცინო ანკეტირება მოხდება. ჩვენც რამდენიმე შემთხვევაში გვქონია ასეთი გამოცდილება, თუმცა, ადამიანს, რომელიც მოდის ინდივიდუალურად და არ არის ეს რისკი კორპორაციულად გადანაწილებული, ყოველთვის ვუხსნით, რომ ის რისკი, რომელიც შენ ახლა, ამწუთას გაქვს, შეიძლება იყოს გამონაკლისში. სწორედ აქ ვგულისხმობ ბმას საყოველთაო ჯანდაცვასთან.
ხშირ შემთხვევაში, სტაციონარული, ჰოსპიტალური მომსახურება არის ხოლმე სადაზღვევო ინდუსტრიის პოლისებში ერთ წლიან გამონაკლისში, 12-თვიან მოცდის პერიოდში. ამიტომ, სწორედ ამ დროს, იგივე პროფილაქტიკური კვლევა, ამბულატორია და სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაფარვა თუ მოხდება ინდივიდუალური დაზღვევით და საყოველთაო ჯანდაცვიდან ადამიანი არ იქნება ამოვარდნილი - თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, გვაქვს მოლოდინი, რომ კერძო სადაზღვევო, ინდივიდუალური, ე.წ სამედიცინო ბაზარი, საგრძნობლად გაიზრდება. სხვათა შორის, ამ თემაზე გვქონდა უკვე საუბარი ჯანდაცვის უწყებასთან“, - აღნიშნა ნინა კობახიძემ.
ცნობისთვის, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით.