საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლარის გაუფასურება დროებითი მოვლენაა.
„ყოველი ასეთი პროცესების დროს იყო ხოლმე მოკლევადიანი რყევები, რაც ნორმალურია. ყოველ ჯერზე, ლარის კურსი დაუბრუნდა თავის საწყის მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება. დიდი აჟიტირებით საუბრობდნენ ამ დღეებში ოპოზიციის წარმომადგენლები ლარის კურსთან დაკავშირებით. იგივე იყო წინა აქციების შემთხვევაში. ეს არის დროებითი მოვლენა. როგორც კი ჩაცხრება ვითარება და ეს მოხდება ძალიან მალე, პრაქტიკულად აქეთკენ მიდის პროცესი, მაშინვე, ეს პირდაპირ დაეტყობა ლარის კურსს. ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს არის დროებითი მოვლენა“,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მისივე განცხადებით, რომ არა უცხოეთიდან ქვეყნის არევის მცდელობა, ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვითარებადი იქნებოდა. "ჩვენ გვაქვს ევროპაში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამაზე მაღალი მაჩვენებელი გვექნებოდა, რომ არა უცხოეთიდან ქვეყნის არევისა და რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8478 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7794 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0684 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9967 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9348 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0619 ლარი შეადგინა.