ბათუმმა ტურიზმის "ოსკარი" მოიპოვა. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, აღნიშნული ჯილდო ხელს შეუწყობს ბათუმის ცნობადობის გაზრდას.
მისივე ინფორმაციით, მსგავსი აღიარებები საქართველოს საშუალებას აძლევს, რომ კიდევ უფრო ბევრმა ადამიანმა გაიცნოს ბათუმი და ზოგადად ქვეყანა როგორც ტურისტულად საინტერესო მიმართულება.
თინათინ ზოიძის თქმით, აჭარის რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით მუდმივად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
"როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურის, ისე მთლიანად მუნიციპალიტეტების საბაზისო და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. იგეგმება ახალი საკურორტო ზონების და ახალი ტურისტული ბილიკების განვითარება.
რაც შეეხება სერვისის ნაწილს - აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კვლევებზე დაყრდნობით საქართველოში განხორციელებული ვიზიტების 60% განმეორებული ვიზიტია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენთან ჩამოსული ვიზიტორების უმრავლესობა კმაყოფილია. ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში მომსახურების სფეროში სერვისის დონე და ლოიალობის კოეფიციენტი ყოველ წლიურად 10%-ით უმჯობესდება", - აცხადებს თინათინ ზოიძე.