logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

31 დეკემბრის შემდეგ, უკრაინის მილსადენით ევროპაში რუსული გაზის მიწოდება შეწყდება

რუსული სახელმწიფო გაზის გიგანტის „გაზპრომის“ 2025 წლის გეგმაში უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტი გათვალისწინებული აღარ არის.

Reuters-ის წყაროს ცნობით, მიმდინარე წლის 31 დეკემბრის შემდეგ, უკრაინის მილსადენით ევროპაში რუსული გაზის მიწოდება შეწყდება.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ოფიციალურმა კიევმა განაცხადა, რომ სატრანზიტო შეთანხმების შეწყვეტა სურს. ეს გადაწყვეტილება ნახევარ საუკუნეზე მეტი პერიოდის განმავლობაში, ციმბირიდან ცენტრალური ევროპის ბაზრებზე გაზის ექსპორტს დაასრულებს. პროცესი საბჭოთა პერიოდში დაიწყო და რუსეთის ბიუჯეტისთვის შემოსავლების მუდმივ წყაროს წარმოადგენდა.

მოსკოვმა აღნიშნა, რომ ღიაა მოლაპარაკებებისთვის და მარშრუტის გავლით, ნაკადების გასაგრძელებლად, თუმცა, უკრაინამ განაცხადა, რომ სატრანზიტო შეთანხმების გახანგრძლივებას აღარ განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში 1 მილიარდ დოლარამდე თანხას იღებდა ტრანზიტის საფასურად.

რუსეთი, უკრაინის ომამდე, ევროპისთვის ბუნებრივი აირის ნომერ პირველი მიმწოდებელი იყო, თუმცა, უკრაინაში ომის წამოწყების შემდეგ, თითქმის ყველა ევროპელი მომხმარებელი დაკარგა. მას შემდეგ, ევროკავშირი ცდილობს უარი თქვას რუსულ ენერგიაზე. გარდა ამისა, რუსული გაზის მიწოდების მზარდი პერსპექტივა სრულად ჩაიფუშა 2022 წელს, როდესაც გერმანიისკენ მიმავალი, მრავალმილიარდიანი Nord Stream მილსადენი ააფეთქეს.

„გაზპრომის“ წარმომადგენლის თქმით, რუსეთის საბაზისო სცენარში უკვე ჩაიდო, რომ მომავალ წელს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი აღარ განხორციელდება. წყაროს თქმით, მოსალოდნელია, რომ რუსული გაზის ექსპორტი "შორეულ საზღვარგარეთ" 2025 წელს შემცირდება და 39 მილიარდ კუბურ მეტრზე დაბლა ჩამოვა. ეს მოცულობა მოიცავს თურქეთისთვის მიწოდებას TurkStream და Blue Stream მილსადენებით. რუსული გაზის ექსპორტი თურქეთში ნაკლებად სავარაუდოა, რომ შემცირდეს.

მეორე მსოფლიო ომის და ციმბირის გაზის მთავარი საბადოების აღმოჩენის შემდეგ, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ლიდერებმა ნახევარი საუკუნე დახარჯეს ენერგეტიკული ბიზნესის შექმნაზე, რომელიც საბჭოთა კავშირს, შემდეგ კი რუსეთს, ევროპის ეკონომიკებთან აკავშირებდა.

უკრაინაში ომმა და აფეთქებებმა ეს კავშირები თითქმის, გაანადგურა, ეს კი, ზიანს აყენებს როგორც რუსეთის, ასევე, ევროპის ეკონომიკასაც, რომელიც ახლა უფრო მეტად არის დამოკიდებული აშშ-ს გაზის მიწოდებაზე.

რუსული გაზის მიწოდება ევროპაში უკრაინის გავლით უკვე შემცირებულია. 2023 წელს რუსეთმა ამ გზით, დაახლოებით 27 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაგზავნა - რაც 2018-2019 წლების პიკის მხოლოდ 8%-ია.

გამოგვყევით