logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"რა თქმა უნდა, ეს არ არის ის მოცულობა" - ნინა კობახიძე სამედიცინო დაზღვევის მაჩვენებლებზე საუბრობს

"რა თქმა უნდა, ეს არ არის ის მოცულობა" - ნინა კობახიძე სამედიცინო დაზღვევის მაჩვენებლებზე საუბრობს

1748544540

„რა თქმა უნდა, ეს არ არის ის მოცულობა, რაც დღეს სადაზღვევო ინდუსტრიას შეუძლია, რომ საკუთარ მხრებზე აიღოს,“ - ასე აფასებს "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე ოფიციალურ სტატისტიკურ მაჩვენებელს, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით,  საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 21% სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით.

საკითხზე კობახიძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და მან მიზეზებიც განმარტა.

„თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კერძო სადაზღვევო პაკეტებით დღეს საქართველოში სარგებლობს მხოლოდ კორპორაციული ბაზარი, ანუ ორგანიზაციები საკუთარი თანამშრომლების დაზღვევას ყიდულობენ, ან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფოა თავად შემსყიდველი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს 21%-იც არ არის ცოტა. სამწუხაროდ, საცალო სამედიცინო დაზღვევა დღეს საქართველოს ბაზარზე არის მიზერული მოცულობით წარმოდგენილი. ცხადია, ამას აქვს თავისი კონკრეტული მიზეზი. მოგეხსენებათ, საყოველთაო ჯანდაცვის ფორმატით, კერძო დაზღვეულებს არ შეუძლიათ ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვით, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული ავტომატურად ვარდება იმ შემთხვევაში, თუ კერძო სადაზღვევო სექტორს მიმართავს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი გარემოება, როდესაც ვსაუბრობთ საცალო ბაზრის განვითარებაზე და ადამიანებზე, ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ შეიძინონ სამედიცინო დაზღვევა. ბუნებრივია, ეს დაბრკოლება ყოველთვის რჩება დაბრკოლებად“, - განმარტა "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

ნინა კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აღნიშნული 21% ძირითადად წარმოადგენს კორპორაციულ დაზღვევასა და სახელმწიფო შესყიდვებს. (ჯარის, პოლიციის დაზღვევა და ა.შ)

„თუ გადავხედავთ წინა კვარტალებს, წინა წლებს, ძალიან მცირე ნაბიჯებით იზრდება კერძო სამედიცინო დაზღვევის წილი ქვეყანაში. ესეც უმეტესად განპირობებულია იმით, რომ იზრდება ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა, ან ახალი ორგანიზაციები იქმნება და ისინი ცდილობენ, რომ შეიძინონ სადაზღვევო პროდუქტი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის მოცულობა, რაც დღეს სადაზღვევო ინდუსტრიას შეუძლია რომ საკუთარ მხრებზე აიღოს. მოგეხსენებათ, 18 სადაზღვევო კომპანია ვართ ბაზარზე, აქედან 5-6 ოპერირებს უფრო აქტიურად ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით. თუმცა, ჩვენი მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, არ არის აუცილებელი რომ რაოდენობაში იყოს ბევრი სადაზღვევო კომპანია, მნიშვნელოვანია ხარისხი, რომელიც მოაქვს გამოცდილებას, ნდობას. ჩვენი ინდუსტრია პირდაპირ დამყარებულია ნდობაზე“, - აღნიშნა "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ.

ცნობისთვის, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ 2025 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 453 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 325 მილიონ ლარს შეადგენდა.

ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 76 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 26 მილიონი ლარი (2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - 69 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 25 მილიონი ლარი) შეადგინა.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1 675 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო კაპიტალი 473 მილიონ ლარსია.

საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით. საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7% დაზღვეულია. 2025 წლის 3 თვეში, 773 366 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 140 367 პოლისი იყო გაყიდული.

გამოგვყევით