მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
ძირითადი ტენდენციები
ინფლაცია
- ნოემბერში, წლიური ინფლაციის ტემპმა გასულ თვესთან შედარებით დაიკლო და 4.8% შეადგინა, ხოლო თვის ინფლაცია 0.4%-ს გაუტოლდა
- საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მიმდინარე წელს სტაბილურია და ნოემბერში 2.3% შეადგინა
- მომსახურების ინფლაცია ნოემბერში 2.6%-ს გაუტოლდა
საბანკო სექტორი
- ოქტომბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.6 პპ-ით შემცირდა და წლიურმა მაჩვენებელმა 12.7% შეადგინა
- დეპოზიტების დოლარიზაცია სექტემბერში 0.5 პპ-ში შემცირდა და 48.8% შეადგინა
- ოქტომბერში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.2 პპ-ით შემცირდა და 42.0%-ის დონეზეა
საგარეო სექტორი
- იმპორტი - ოქტომბერში საქონლის იმპორტი წლიურ ჭრილში 3.1%-ით შემცირდა. შემცირების მიმართულებით ძირითადად სამომხმარებლო საქონლის იმპორტი მოქმედებდა, -3.7 პპ წვლილით. ასევე შემცირებულია საინვესტიციო საქონლის იმპორტიც -1.1 პპ კონტრიბუციით. ხოლო შუალედური მოხმარების საქონლის კონტრიბუციამ პოზიტიური 1.7 პპ შეადგინა
- ექსპორტი - ოქტომბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 0.4%-ით გაიზარდა და 684.5 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ექსპორტის ზრდა განპირობებული იყო სამომხმარებლო საქონლის (11.4 პპ კონტრიბუციით) ექსპორტის ზრდით. თუმცა, შემცირებულია შუალედური მოხმარებისა (-10.8 პპ კონტრიბუციით) და საინვესტიციო საქონლის (-0.2 პპ კონტრიბუციით) ექსპორტი
- ოქტომბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 5.6 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.