ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 1.1 პროცენტით შემცირდა და 14 234.1 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა.
"საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2024 წლის განმავლობაში მოპოვებულ იქნა 35.8 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (წინა წელთან შედარებით 8.0 პროცენტით ნაკლები), 177.8 ათასი ტონა - ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 20.1 პროცენტით მეტი) და 15.9 მილიონი მ3 - ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 3.0 პროცენტით ნაკლები).
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება შემცირდა 7.2 პროცენტით და 1 034.6 ათასი მ3 შეადგინა. წარმოების სტრუქტურაში უდიდესი წილი (77.4 პროცენტი) მოდის ელექტროენერგიაზე, მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისგან წარმოებული ენერგია (12.3 პროცენტი), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.
2024 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 13 006.1 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა, რაც 6.0 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2024 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 3 404.3 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 1.1 პროცენტით მეტი), ხოლო ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ ამავე პერიოდში 2 711.2 მილიონი მ3 შეადგინა, რაც 7.7 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2023 წელთან შედარებით, ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა მრეწველობის ცალკეულ დარგებში, მომსახურების და სოფლის მეურნეობის დარგში, კლება კი დაფიქსირდა საგზაო ტრანსპორტში. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 578.6 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი (წინა წელთან შედარებით 8.4 პროცენტით მეტი).
ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 42.4 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე, შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (29.6 პროცენტი) და ელექტროენერგია (20.5 პროცენტი), 3.5 პროცენტს შეადგენს ქვანახშირი, ხოლო დარჩენილი 4.0 პროცენტი მოდის ბიოსაწვავზე, გეოთერმულ და მზის ენერგიაზე.
2024 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის და შინამეურნეობების სექტორები, რომლებზეც მოდის მთლიანი მოხმარების, შესაბამისად 33.0 და 31.9 პროცენტი. რაც შეეხება სხვა დარგებს, 15.3 პროცენტი - მრეწველობის, 4.3 პროცენტი - მშენებლობის, 0.6 პროცენტი - სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგებზე, ხოლო დარჩენილი 14.9 პროცენტი კი კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.