ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS) ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესიული დღე ღონისძიებით აღნიშნა, რომლის ფარგლებშიც სფეროში განხორციელებული ათწლიანი რეფორმის შედეგები შეჯამდა და პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ოთხი პროფესიული ორგანიზაცია დაჯილდოვდა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ და სამსახურის (SARAS) უფროსმა დავით მჭედლიძემ. მათ პროფესიული დღე მიულოცეს ბუღალტრებსა და აუდიტორებს და ხაზი გაუსვეს პროფესიის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სისტემისადმი ნდობის განმტკიცების პროცესში.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ათწლიანი რეფორმის შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი და საზედამხედველო სისტემა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფინანსური ანგარიშგების კულტურის დამკვიდრებას, ვინაიდან ანგარიშგება მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებად აღარ აღიქმება და ბიზნესის მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების განუყოფელ ნაწილად იქცა. ხაზი გაესვა სანდო ფინანსური ინფორმაციის მნიშვნელობას კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, ინვესტორთა ნდობის განმტკიცებისა და ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში დავით მჭედლიძემ სამსახურის ათწლიანი საქმიანობის ძირითადი მიღწევები შეაჯამა. რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად დასახელდა ფინანსური ანგარიშგების საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის ზრდა. REPORTAL.GE-ის მეშვეობით შეიქმნა ფინანსური ინფორმაციის საჯარო ციფრული ბაზები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს საწარმოთა ფინანსური მონაცემების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების შესაძლებლობას აძლევს.
მნიშვნელოვანი შედეგები დაფიქსირდა ფინანსური ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებითაც. სამსახურის მიერ განხორციელებული მიმოხილვებისა და შემდგომი რეაგირების შედეგად, განმეორებითი მიმოხილვისას გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსწორების მაჩვენებელმა 76% შეადგინა.
ამასთან, განვითარდა აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის სისტემა. 2025 წლის მონაცემებით, აუდიტის ბაზრის დაფარვამ, შემოსავლების მიხედვით, პირველადი ხარისხის მონიტორინგის შემთხვევაში 99%, ხოლო განმეორებითი მონიტორინგის შემთხვევაში 95% შეადგინა. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსწორების მაჩვენებელმა კი 58%-ს მიაღწია.
შეჯამდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის (AML/CFT) მიმართულებით განხორციელებული სამუშაოც. 2023 წელს სამსახურში შესაბამისი სტრუქტურული ერთეული შეიქმნა, განვითარდა სამართლებრივი და საზედამხედველო მექანიზმები, ხოლო 2026 წლიდან დაიწყო რისკზე დაფუძნებული მიდგომით ანგარიშვალდებული პირების ინსპექტირება და რისკების ანგარიშგების სისტემის განვითარება.
ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პროფესიული ორგანიზაციების წვლილს ათწლიანი რეფორმის განხორციელებაში. აღინიშნა მათი როლი საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობაში, პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში, გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული საზოგადოების განვითარებაში.
პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის SARAS-მა სიმბოლური ჯილდოებით ოთხი პროფესიული ორგანიზაცია დააჯილდოვა:
- საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი), წარმომადგენელი ლავრენტი ჭუმბურიძე;
- საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ფედერაცია, წარმომადგენელი იური პაპასქუა;
- ბუღალტერთა კავშირი, წარმომადგენელი ტატა ბერიძე;
- ბუღალტერთა კლუბი „ფორუმი“, წარმომადგენელი გოჩა ხარჩილავა.
ღონისძიების ფარგლებში პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრეს სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე, არსებულ გამოწვევებსა და პროფესიული საზოგადოების განვითარების პერსპექტივებზე.
SARAS-ის ორგანიზებით ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესიული დღე წელს ფართომასშტაბური ღონისძიების ფორმატში აღინიშნა. სამსახური გეგმავს აღნიშნული ფორმატის მომავალ წლებშიც გაგრძელებას, რათა პროფესიული დღე მიღწეული შედეგების შეჯამების, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერების ყოველწლიურ შესაძლებლობად იქცეს.