საქართველო ამჟამად არ საჭიროებას დაფინანსებას. წინა პროგრამაშიც კი არ ყოფილა გაცემები, რადგან არ არსებობდა ნათელი დაფინანსების საჭიროება. ვფიქრობ, მიმდინარე სიტუაცია უფრო უკეთესია, განსაკუთრებით ეროვნული ბანკის მიერ უცხოური რეზერვების დაგროვების გამო, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენას ეხებოდა.
მისივე თქმით, ეს ასევე აისახება ლარის სტაბილურობაში, რომელიც დაფიქსირდა ომის დაწყებიდან. თავდაპირველად იყო გარკვეული ცვალებადობა, მაგრამ შემდეგ ვალუტა სტაბილიზდა. ალეხანდრო ჰაჟდენბერგის თქმით, ეს ასევე ხაზს უსვამს იმ ბუფერებს, რომლებიც საქართველომ შექმნა. „ვიტყოდი, რომ არსებობს სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ქვეყნები, როგორც წესი, ითხოვენ პროგრამას. პირველი - მათ სჭირდებათ დაფინანსება, რადგან განიცდიან ფინანსურ კრიზისს; მეორე - იმიტომ, რომ სურთ IMF-ის პროგრამა მთავრობის პოლიტიკის მხარდასაჭერად; ხოლო მესამე იმისთვის, რომ ბაზრებს მისცენ სიგნალი, რომ მთავრობა და ქვეყანა ახორციელებენ სათანადო პოლიტიკას. პირველთან დაკავშირებით, საქართველო ამ ეტაპზე არ საჭიროებს დაფინანსებას“, - განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.
ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროობლიგაციების გამოშვება, აჩვენებს, რომ ამჟამად ბაზრებს აქვთ ნდობა საქართველოს მიმართ.
„ჩვენ განვაგრძობთ ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობას ისეთი მისიების საშუალებით, როგორიცაა ზედამხედველობა - ჩვენ წელიწადში ორჯერ ვჩამოდივართ ეკონომიკის მონიტორინგისთვის და ასევე გვაქვს ტექნიკური დახმარების ძალიან ინტენსიური პროგრამა, რომელიც მოიცავს მაკროეკონომიკური მართვის ყველა ძირითად სფეროს“, - აღნიშნა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.
2026 წლის 25 მარტიდან 7 აპრილამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ბატონი ალეხანდრო ჰაიჟდენბერგის მეთაურობით საქართველოში IV მუხლის კონსულტაციების ფარგლებში შეხვედრებს მართავდა. მისიის დასკვნით განაცხადში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია, გონივრული მაკროეკონომიკური მართვის და პოლიტიკის საფუძველზე.