logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"წელს რეალური მშპ-ის 6%-იან ზრდის პროგნოზს ვინარჩუნებთ - საშუალო წლიური ინფლაცია კი 4.2%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი" - Galt&Taggart

"წელს რეალური მშპ-ის 6%-იან ზრდის პროგნოზს ვინარჩუნებთ - საშუალო წლიური ინფლაცია კი 4.2%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი" - Galt&Taggart

1775541600

2026 წლისთვის რეალური მშპ-ის 6.0%-იანი ზრდის პროგნოზს ვინარჩუნებთ, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია 4.2%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული. 

საინვესტიციო ბანკის ცნობით, ირანის ესკალაციამ მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა ეკონომიკურ აქტივობაზე გარკვეული გავლენა იქონიოს, თუმცა მთლიანობაში წლიური ეკონომიკური ზრდა საბაზისო პროგნოზთან თანხვედრაში იქნება.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში რეალური მშპ წლიურად 8.8%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 7.9%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2026 წლის იანვართებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა. თებერვლის ზრდა ძირითადად განაპირობა ინფორმაცია & კომუნიკაციის, ტრანსპორტის, საფინანსო & სადაზღვევო, დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის დარგებში.

მოსალოდნელზე ძლიერი ფაქტობრივი მონაცემების გათვალისწინებით, 2026 წლისთვის რეალური მშპ-ის 6.0%-იან ზრდის პროგნოზს ვინარჩუნებთ. მიუხედავად იმისა, რომ ირანის ესკალაციამ მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა ეკონომიკურ აქტივობაზე გარკვეული გავლენა იქონიოს, ველოდებით, რომ მოთხოვნა წლის მეორე ნახევარში ნორმალიზდება, და მთლიანობაში წლიური ეკონომიკური ზრდა ჩვენს საბაზისო პროგნოზთან თანხვედრაში იქნება.

რაც შეეხება ინფლაციას  -  2026 წლის მარტში წლიური ინფლაცია 4.3%-მდე შენელდა, წინა თვეში არსებული 4.6%-დან, რაც ძირითადად გასული წლის მაღალი საბაზო ეფექტით იხსნება. ინფლაციის წლიური დონის შენელება ძირითადად ადგილობრივი და შერეული საქონლისა და მომსახურების ფასების წლიური ზრდის ტემპების, შესაბამისად, 6.0%-მდე (6.5% წინა თვეში) და 4.9%-მდე (6.2% წინა თვეში) შენელებამ განაპირობა. ამასთან, იმპორტირებული საქონლის ფასები წლიურად 0.5%-ით გაიზარდა, წინა თვის -0.7%-იანი კლების შემდეგ. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, წინა თვის მსგავსად, 2.4% შეადგინა 2026 წლის მარტში.

ჩვენი განახლებული პროგნოზით, საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია 4.2%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი 2026 წელს (წინა 3.0% იყო), რაც ასახავს ირანის ესკალაციის ფონზე საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდით გამოწვეულ ზეწოლას, ასევე საქართველოში მიმდინარე წლის აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფის მატებას (რომელიც მოსალოდნელია, რომ წლიურ ინფლაციას დამატებით 0.7პპით გაზრდის)“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოგვყევით