გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 809 ფაქტი გამოავლინეს.
525 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 135 - ბათუმში, 85 - ქუთაისში, 64 კი - რუსთავში.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ. კონტროლის დაწყებიდან დღემდე, გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები. ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით. პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადება. დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, უფრო მეტ ლოკაციაზე, მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება შეძლონ. შედეგად, კონტროლი გახდა უფრო მასშტაბური და ეფექტიანი.