საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში 2026 წლის მე-4 მუხლის კონსულტაციების მისია დაასრულა.
დასკვნითი განაცხადში საუბარია საქართველოში 2026 წელს მოსალოდნელ ეკონომიკურ პარამეტრებზეც და ფონდი ზრდის პროგნოზს უცვლელად, 5.3%-ის ოდენობით ტოვებს, ხოლო ირანში დაწყებული ომის ფონზე IMF ელოდება, რომ წელს საქართველოში ინფლაცია 5%-მდე გაიზრდება.
„2026 წლის დასაწყისში, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებამდე, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მაღალი იყო. წინასწარი შეფასების მიხედვით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2026 წლის იანვარ-თებერვალში 8.4 პროცენტი შეადგინა, რაც 2025 წლის 7.5-პროცენტიან ზრდას აღემატება. მიწოდების მხარეს აქტივობა განპირობებული იყო ინფორმაციული და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, ტრანსპორტის და განათლების სერვისების მუდმივი მატებით. მოთხოვნის მხარეს კერძო მოხმარება იყო ზრდის მთავარი მამოძრავებელი, რომელსაც ხელს უწყობდა ზომიერი, მაგრამ კვლავ ძლიერი, ხელფასების და სამომხმარებლო სესხების რეალური ზრდა. წინმსწრები ინდიკატორები მიუთითებენ, რომ ომის ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენა ჯერ ძირითადად მხოლოდ ტურიზმს შეეხო. თუ დავუშვებთ, რომ კონფლიქტი მოკლევადიანი იქნება, ამ წლის რეალური მშპ-ის ზრდა 5.3 პროცენტამდე იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში 5 პროცენტს, თავის პოტენციური ზრდის ტემპს, დაუახლოვდება“, – წერია დასკვნაში.
ამასთან, აქცენტი გაკეთდა ინფლაციაზე და იმ წნეხზე, რაც ფასების ზრდას უწყობს ხელს.
„ინფლაციური წნეხი განსაკუთრებით კონფლიქტის დაწყების შემდეგ გაიზარდა, თუმცა საბაზო ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. 2025 წლის ბოლოს სამომხმარებლო ფასების ინფლაციამ 4 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტში 4.3 პროცენტამდე მოიმატა, რაც იმპორტირებული საკვებისა და ნავთობის ფასების ზრდას ასახავს, რაც, ნაწილობრივ, ახლო აღმოსავლეთის ომთან არის დაკავშირებული. ამასთან, საბაზო ინფლაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება. 2026 წლის პირველ ნახევარში ინფლაციის მაღალ დონეზე შენარჩუნებაა მოსალოდნელი, რაც განპირობებულია საწვავის და ელექტროენერგიის ფასების ზრდით, ხოლო 2027 წლის შუა პერიოდში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლამდე შემცირდება, რადგან სურსათისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდის ერთჯერადი ეფექტი მიილევა, მოთხოვნა შემცირდება და გამოშვების გაპი დაიხურება“, – აცხადებენ სსფ-ში.
გარდა ამისა, სავალუტო ფონდის დასკვნით განაცხადში აღნიშნულია, რომ საგარეო პოზიცია გაუმჯობესებულია, თუმცა მოწყვლადია ენერგომატარებლების ფასების და ტურიზმიდან შემოსავლების ცვალებადობის მიმართ.
„პირველადი შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2025 წელს მშპ-ის 2.6%-მდე შემცირდა, რასაც ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტმა, ენერგომატარებლების იმპორტზე დაბალმა ხარჯმა და ფულადი გადმორიცხვების კარგმა მაჩვენებელმა. ქვეყნის მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და პირველად 2022 წლის შემდეგ სსფ-ის რეზერვების ადეკვატურობის ზღვარს გადააჭარბა მაღალი სავალუტო შემოდინებების პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ დიდი ოდენობით უცხოურ ვალუტის შესყიდვების წყალობით, ასევე დეპოზიტების დედოლარიზაციის და სარეზერვო აქტივების ფასის მატების გამო. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2026 წელს 5%-მდე გაიზრდება ნავთობის მაღალი ფასის და ტურიზმის შემოსავლების კლების გამო და საშუალოვადიან პერიოდში ამავე დონეზე შენარჩუნდება, წარმოების პოტენციურთან დაახლოების და ნაკლებად იმპორტ-ინტენსიური სექტორების (საინფორმაციო ტექნოლოგიები და განათლების სერვისები) ზრდის გაგრძელების გამო, რაც, თავის მხრივ, იმპორტს შეაკავებს“, – წერია განაცხადში.
სსფ-ში იმასაც აღნიშნავენ, რომ საქართველოში ფისკალური მაჩვენებლები ძლიერია. ფისკალური დეფიციტი 2025 წელს გეგმაზე მნიშვნელოვნად დაბალი იყო მაღალი შემოსავლების და კაპიტალური ხარჯის დაბალი ათვისების გამო, ხოლო საჯარო სექტორის ვალი მშპ-ის 35%-ზე ნაკლებია. რაც შეეხება სტრუქტურული რეფორმების კომპონენტს, მითითებულია, რომ ევროკავშირთან დაძაბულმა ურთიერთობებმა ინვესტორთა განწყობებზე, შეიძლება, მოახდინოს გავლენა.
„2026 წლის ბიუჯეტი მართებულად მიზნად ისახავს ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-ის 2.5%-ზე შენარჩუნებას, კაპიტალური ხარჯების აღდგენის ფონზე. გასულ წელს პროექტების განხორციელებაში და შესყიდვების პროცესში არსებული შეფერხებების შემცირებას და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესს ველოდებით. დეფიციტის წლიური შედეგი, შეიძლება, ბიუჯეტით დაგეგმილზე დაბალი აღმოჩნდეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მოსალოდნელზე მაღალი დივიდენდის და მაღალი საბიუჯეტო შემოსავლების გათვალისწინებით. 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციის წარმატებული რეფინანსირება იანვარში ასახავს ინვესტორთა ნდობას საქართველოს მაკროეკონომიკური საფუძვლის და პოლიტიკის საიმედოობის მიმართ. მომავალი პერსპექტივა მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება და დიდწილად საგარეო ვითარებაზეა დამოკიდებული. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებამ, შესაძლოა, მეტად დააზიანოს ტურისტული ნაკადები ისრაელიდან და ყურის ქვეყნებიდან, გაზარდოს ინფლაცია და გაამკაცროს ფინანსური პირობები. თუმცა, უფრო ხანგრძლივი კონფლიქტის ვითარებაში, შესაძლოა, ფინანსური და ტურისტული ნაკადების საქართველოსკენ გადმომისამართება მოხდეს და შუა დერეფანში ტრანზიტი გაიზარდოს. უკრაინაში მშვიდობის შეთანხმების მიღწევამ ,შესაძლოა, გადაწონოს მიგრაციით, ფინანსური შემოდინებით და ტრანზიტული ვაჭრობით მიღებული გარკვეული სარგებელი, თუმცა ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ფართო რეგიონის სტაბილურობას და ნდობას. აგრეთვე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებამ, შეიძლება, ახალი სავაჭრო გზები გააჩინოს საქართველოს გვერდის ავლით, თუმცა ეს მთლიანი რეგიონისთვის მეტი ინვესტიციის მოზიდვის საშუალებას ნიშნავს. ევროკავშირთან ურთიერთობის გამოწვევები, შესაძლოა, აისახოს ინვესტორთა განწყობაზე და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორის მიერ დაგეგმილი 6.6 მილიარდი აშშ დოლარის უძრავი ქონების პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან დადებით ფაქტორს ეკონომიკის ზრდისა და დასაქმებისთვის“, – აცხადებენ სავალუტო ფონდში.
სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს ეროვნული ბანკის მუშაობას.
„სებ-ის მმართველობის რეფორმის წინ წაწევა ინსტიტუციური დაცვის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია. სსფ-ის 2022 წლის „დაცვითი პირობების შეფასების” მოთხოვნათა უმეტესი ნაწილი განხორციელებულია. მათ შორის, დისკრეციული ტრანსფერების შესაძლებლობის შეზღუდვა. ამასთან, სსფ-ის ბოლო ტექნიკურმა დახმარებამ დაასახელა დამატებითი სფეროები, რომელთა გაუმჯობესება შესაძლებელია. პროგრესი უკვე მიღწეულია მმართველი საბჭოს აღმასრულებელ წევრებს შორის პასუხისმგებლობების გადანაწილების და ეროვნული ბანკის მმართველობის გადაცემის მარეგულირებელი ჩარჩოს საკითხზე, რაც მისასალმებელია. შემდგომი გეგმები მოიცავს გადაწყვეტილებების მიღების კოლეგიალურ ფორმატს, საბჭოს წევრების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მმართველი საბჭოს ზედამხედველობითი ფუნქციის დახვეწა მნიშვნელოვანია, რათა ეროვნული ბანკის მმართველობის ჩარჩო საუკეთესო საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას მიესადაგოს“, – წერია ანგარიშში.
1tv.ge