საქართველოში ფაქტორინგის შესახებ კანონი ამოქმედდა. დოკუმენტის თანახმად, ფაქტორინგულ კომპანიაში წილობრივი მონაწილეობა ეკრძალებათ კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და მათ ურთიერთდამოკიდებულ პირებს.
ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის მსურველ კომპანიებს საწარმოს კაპიტალის 300,000 ლარის ოდენობით შევსება მოუწევთ.
„პირის ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციისთვის მისი განაღდებული კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 300 000 ლარს. ფაქტორინგული კომპანია ვალდებულია თავისი საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში არ შეამციროს განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა.
ფაქტორინგული კომპანიის საკუთარი კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 300 000 (სამასი ათას) ლარს,“-აღნიშნულია დოკუმენტში.
ფაქტორინგულ კომპანიებს ზედამხედველობას ეროვნული ბანკი გაუწევს. პირს უფლება აქვს, განახორციელოს ფაქტორინგი მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის შემდეგ. მარეგულირებელი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, ფაქტორინგული კომპანიის საკუთარი კაპიტალის ფორმირების წესი.
ცნობისთვის, ფაქტორინგი არის გარიგება, რომელიც გულისხმობს ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების გადაცემას და რეგისტრირებულია ფაქტორინგის რეესტრში, რის შედეგადაც დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე საკუთრების უფლება შესაბამის ფაქტორს გადაეცემა.