ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრული დაფინანსებიდან მიმდინარე წლის პირველ მახევარში უწყებამ 4 მილიარდ 380 მილიონი ლარი აითვისა, რაც 6 თვის გეგმასთან მიმართებაში 99.2%-ს შეადგენს. ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე გახდა ცნობილი, სადაც 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინეს.
პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წელს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 8 820.0 მილიონი ლარია. აქედან წლის პირველ ნახევარში სამინისტრომ 4 380.0 მილიონი ლარი აითვისა, რაც წლიური გეგმის 49.7%-ია, ხოლო უშუალოდ 6 თვის გეგმასთან მიმართებაში - 99.2%.
„რაც შეეხება სამინისტროს მიერ განსახორციელებელ პროგრამებს, აქაც შესრულების კარგი მაჩვენებლებია. ეს შეეხება როგორც სოციალურ, ასევე ჯანდაცვის მიმართულებებით არსებულ პროგრამებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის წარდგენის შემდეგ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც სამინისტროს მიერ ცალკეული პროგრამების შესრულების მიმდინარეობას, საგარეო ვალდებულებებისა და სესხების დაბრუნების მონაცემებს და სხვა საკითხებს შეეხებოდა.
jandacva.ge