შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვებგვერდებსა და აპლიკაციებზე ხელმისაწვდომობა ექნებათ. პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეეხება საჯარო უწყებებს და რამდენიმე კერძო ორგანიზაციას, მათ შორის ჯანდაცვის, ტრანსპორტის, სოციალური დაცვისა და კომუნალური სერვისების მიმწოდებლებს.
უკვე არსებული ვებსაიტები, 2032 წლისთვის სრულად უნდა ადაპტირდნენ, ახალი ვებგვერდები კი, თავიდანვე შესაბამისი სტანდარტებით უნდა შეიქმნას.
როგორც ინიციატორები განმარტავენ, ახალი რეგულაცია უზრუნველჰყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინფორმაციისა და სერვისების თანაბარ მიღებას ონლაინ სივრცეში. ასევე მოთხოვნა გაიზრდება ვებდეველოპერების სერვისებზე, რაც მათ შემოსავალსაც გაზრდის. რაც შეეხება ხარჯებს - ადმინისტრაციული ორგანოებისთვის თანხა გამოიყოფა ბიუჯეტიდან, კერძო სექტორმა კი, საკუთარი რესურსებიდან უნდა უზრუნველყონ.
შეგახსენებთ, საუბარია იმ ვებგვერდებსა და აპლიკაციებზე, რომლებიც მოქალაქეებს ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ყოფითი საკითხების მარტივად მოსაგვარებლად სჭირდებათ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ვერ სარგებლობენ დასაქმების საიტებითაც.
კომპანიები, რომლებიც შესაბამის აპლიკაციებსა და საიტებს ფლობენ, მომავალში ვალდებულები იქნებიან, რომ შშმ პირებისთვის სპეციალური პროგრამები დანერგონ. ამ საკითხის მოგვარებას შშმ მოქალაქეები წლებია ითხოვენ.