2025 წლის III კვარტალში, ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 29.3 მილიონი ლარი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „პოსტვ“-ის, „ჯი-დი-ეს“-ის, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ დამფინანსებლების ათეული გამოაქვეყნა, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტს უხდიდნენ.
„ტელეიმედის“ რეკლამის დამკვეთი კომპანიები, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებელს 500 000 ლარზე მეტი გადაუხადეს, იყვნენ: „მეამა“, „შპს სმარტ კაპიტალ ქონსალთენს“ და „შპს ორბი ჯგუფი მილენიუმ“. 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე კი „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „ვიმ ბილ დან საქართველო“, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო“, „პსპ ფარმა“, „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია“, „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ და „ნესტლე საქართველო“ ხარჯავდნენ.
„რუსთავი 2“-ს (მედია ჰოლდინგი) სარეკლამო დროში 500 000 ლარზე მეტი „მეამამ“ გადაუხადა. 100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში „შპს ორბი ჯგუფი მილენიუმი“ და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ იხდიდნენ. „ავერსი ფარმამ“, „ვიმ ბილ დან საქართველომ“ და „აიდიეს ბორჯომი თბილისმა“ კი 50,000-დან 100,000 ლარამდე გადაიხადეს. 7 000-დან 50 000 ლარამდე „პსპ ფარმამ“, „ჯი ემ ფარმასიუთიქალსმა“, „მაგთიკომმა“ და „საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ დახარჯეს.
ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს“-ს რეკლამაში 500 000 ლარზე მეტი „მეამამ“ და „შპს სმარტ კაპიტალ ქონსალთენსმა“ გადაუხადეს. 100 000-დან 500 000 ლარამდე დახარჯა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“. ხოლო კომპანიები, რომლებმაც მაუწყებელს სარეკლამო დროში 7 000-დან 50 000 ლარამდე გადაუხადეს, იყვნენ: „ვიმ ბილ დან საქართველო“, „აიდიეს ბორჯომი თბილისი“, „GlaxoSmithKline Consumer Healthcare Sp. z o.o“, „კოლგეიტ პალმოლივი“, „ლაქტალის ჯორჯია“, „ნესტლე საქართველო“ და „იაკობზ დაუ ეგბერტს საქართველო“.
რაც შეეხება „პოსტვ“-ის, მაუწყებელს 2025 წლის III კვარტალში 500 000 ლარზე მეტი „მეამამ“ გადაუხადა. 100 000-დან 500 000-მდე ლარის ფარგლებში „შპს ბუმბა“, „შპს ჯეოკეპ“, „ვისოლ ავტო ექსპრეს“, „შპს ბუნებრივი აირი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ და „სტერეო +“ ხარჯავდნენ. კომპანიებმა „შპს სოლუშენ გრუპმა“ და „ტიფლის ფაბმა“ სარეკლამო დროში 50 000-დან 100 000 ლარამდე გადაიხადეს. 7 000-დან 50 000 ლარამდე თანხას იხდიდა „შპს ჩემი ნენა“.
„ტელეკომპანია პირველის“ დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც მაუწყებლის სარეკლამო დროს 100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში ყიდულობდნენ, „შპს მერკადო“ და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ წარმოადგენდნენ. 50 000-დან 100 000 ლარამდე კი „პსპ ფარმა“ და „შპს გეოპლანტი“ იხდიდნენ. ამავე პერიოდში, 7 000-დან 50 000-მდე ლარი „ალტა რითეილერმა“, „ვაზისუბნის მამულმა“, „შპს პირველმა მეღვინეობამ“, „სილქნეტმა“, „შპს ეკო ინვესტმა“ და „ნოვამ“ დახარჯეს.
„ტელეკომპანია „ფორმულას“ შემთხვევაში, რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ იხდიდა. 50 000-დან 100 000-მდე ლარის ფარგლებში კი „შპს გეოპლანტი“, „ვაზისუბნის მამული“ და „პსპ ფარმა“ ხარჯავდნენ. კომპანიები „თიბისი ბანკი“, „შპს მერკადო“, „მაგთიკომი“, „შპს ელდრაივი“, „პრო მედია“ და „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია“ კი რეკლამაში 7 000-დან 50 000 ლარამდე იხდიდნენ.