მიმდინარე თვეში "ენგურჰესის" ტერიტორიაზე ზიპლაინი იხსნება, რაც ვფიქრობ, რომ ვიზიტორთა რაოდენობას გაზრდის, - ამის შესახებ შპს "ენგური ატრაქციის" დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ატრაქცია საქართველოში ყველაზე მაღალი სიმაღლის იქნება.
"ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზიპლაინის პროექტს კერძო კომპანია შპს “აქტივიტი” ახორციელებს. საქართველოში სიმაღლის თვალსაზრისით,ამ მასშტაბის ზიპლაინი არ არის. ზიპლაინის სიმაღლე 320 მეტრი, ხოლო სიგრძე - 600 მეტრია.
ვიზიტორთა რაოდენობით თითქმის იგივე ნიშა გვიჭირავს, რაც გასულ წელს გვქონდა. რასაც ველოდებოდით ის მაჩვენებლები არ არის, შესაძლოა 5%-იანი ზრდა გვქონდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ აღნიშნული და ასევე, ვიზიტორთა ცენტრის შენობაში აგვისტოში გახსნილი გალერეა დამთვალიერებლთა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის“, - აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.
მანვე აღნიშნა, რომ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს შორის არის სანაოსნოს მოწყობა და ასევე, პანორამული ლიფტი კაშხალზე.
„ამ ეტაპისთვის, „ენგურჰესის“ ტერიტორიაზე სანაოსნოს მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან გაიხსნება, ხოლო პანორამული ლიფტი კაშხალზე - ეს უფრო შორი პერსპექტივაა. ადრე არსებობდა ლიფტი, რომელიც ამორტიზებული იყო. გვინდა, რომ ახლიდან გაკეთდეს ეს ლიფტი, შუშის კაბინებით, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ატრაქცია იქნება. ახალი ლიფტი კაშხლის სრულად დათვალიერების დროს დაახლოებით 1 საათით შეამცირებს. ვფიქრობ, რომ ეს პროექტიც საგრძნობლად გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას. პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი, დაახლოებით, 4 მლნ ლარი იქნება“, - აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.
ცნობისთვის, ენგურჰესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა და მის ტურისტულ ატრაქციად ქცევასთან დაკავშირებით საუბარი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს.