კომპანიის გაყიდვების 20% კორპორატიული სეგმენტზე მოდის, დანარჩენი კი ფიზიკურ პირებს უკავიათ, - ამის შესახებ მინიატურების ქართული სახელოსნო "დრაკარის" თანადამფუძნებელმა ლილი წიქარიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანია ონლაინ მიმართულების განვითარებაზეა ორიენტირებული, რადგან აღნიშნული ბიზნესს გაყიდვების კიდევ უფრო მეტად გაზრდის შესაძლებლობას აძლევს.
"ჩვენი ძირითადი მიმართულება ამ ეტაპზე სუვენირებია, თუმცა რა თქმა უნდა, დიარომებსაც ვამზადებთ. ორივე მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან.
ამჟამად, ჩვენი პროდუქციის შეძენა მომხმარებლებს ჩვენს ვებგვერდზე და სხვა სოციალურ ქსელების მეშვეობით შეუძლიათ. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია საერთაშორისო პლატფორმა etsy-ზეც. წლიდან წლამდე კომპანიის გაყიდვები მზარდია. რა თქმა უნდა, სამომავლოდ გვსურს ჩვენი ფიზიკური გაყიდვების წერტილის დამატება და ასევე, ექსპორტის მიმართულების განვითარება", - აცხადებს ლილი წიქარიშვილი, მინიატურების სახელოსნოს თანადამფუძნებელი.
ცნობისთვის, მინიატურების სახელოსნო „დრაკარი“ რუსთავში 6 წლის წინ დაარსდა. საწყის ეტაპზე კომპანია ფოკუსირებული იყო დიორამების წარმოებაზე - რეალური ადგილების მცირე, დეტალურად შექმნილ მოდელებზე. დაახლოებით, 2 წლის წინ კი კომპანიამ სუვენირების ხაზი დაამატა, რომელიც პოპულარულ თემატიკაზე შექმნილ პროდუქტებს მოიცავს, მათ შორის მაცივრის მაგნიტებს, გასაღებების საკიდებს, ზარდახშებს და სხვა ნივთებს.