საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის, მიხეილ გოგოლიძის შეფასებით, ქვეყანაში არსებული მყარი ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ სახელმწიფოს მიზანია უმოკლეს ვადაში ძველი ნაგავსაყრელების დახურვა და თანამედროვე ტიპის ახალი ობიექტების მშენებლობა.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" მიხეილ გოგოლიძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე, კომპანია ახორციელებს საერთაშორისო დონის პროექტებს, რომლის ფარგლებშიც, თეთრიწყაროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შენდება თანამედროვე ტიპის, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტები და გადამტვირთავი სადგურები.
"მყარი ნარჩენების მართვა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამიტომ კომპანია ახალი ეტაპის დაწყებას გეგმავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, უკვე შემუშავებულია სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ტიპის ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობას. ამ ეტაპზე დაწყებულია ორი ობიექტის მშენებლობა ქვემო ქართლსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ქვემო ქართლში პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება, ხოლო ზუგდიდში - მომავალ წელს. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, უკვე შერჩეულია ტერიტორიები, სადაც ახალი ნარჩენების განთავსების ობიექტები აშენდება, ესენია: კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი.
რეფორმის მიზანია ნარჩენების თანამედროვე სისტემით მართვა. კერძოდ, პროექტი არ მოიცავს მხოლოდ ნაგავსაყრელების მშენებლობას - დაგეგმილია მათი სრულად აღჭურვა გადამუშავების ინფრასტრუქტურით, რაც გარემოს უსაფრთხოების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ჯამში საქართველოში 6 თანამედროვე ნარჩენების განთავსების ობიექტი იფუნქციონირებს", - აცხადებს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 54 ნაგავსაყრელია, აქედან 28 უკვე დახურულია, ხოლო 26 მოქმედი. ამასთან, "მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II"-ის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ გამოყოფილი სასესხო ინვესტიცია 30 მილიონ ევროს შეადგენს.