ფესტივალის კონცეფცია ყოველწლიურად იცვლება, თუმცა ის რჩება ქართული კულტურისა და ღვინის გარშემო. წლევანდელი წელი ქართული ღვინის მრავალხმიანობას ეძღვნება, - ამის შესახებ გურჯაანის ღვინის ფესტივალის ბრენდამბასადორმა შოთა ნატროშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, წელს ფესტივალში მონაწილეობას 500-ზე მეტი მეწარმე იღებს და აღსანიშნავია, რომ ფესტივალში ჩართვა ყველა მსურველს შეუძლია.
"გურჯაანის ღვინის ფესტივალი" 2017 წლიდან ტარდება და მისი პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. შარშან ჩვენ 30 000-ზე მეტი სტუმარი და 400-ზე მეტი მონაწილე გვყავდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ფესტივალის მიმართ ინტერესი დიდია.
მოგეხსენებათ რამდენად დიდია ჩვენი ღვინის ისტორია და რამდენად მრავალფეროვანია ყურძნის ჯიშები, მარნები და სხვ. ეს თითოეული ელემენტი უნიკალურ ჰარმონიას ქმნის, რომელიც ასევე, შეგვიძლია ქართულ მრავალხმიან სიმღერებში შევიგრძნოთ. შესაბამისად, ღვინის მრავალხმიანობის სლოგანით გვინდა პარალელი გაგვევლო თუ რამდენად უნიკალურია ჩვენი კულტურა", - აცხადებს შოთა ნატროშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები რეგიონის ტურისტულ განვითარებას ხელს უწყობს, რადგან ფესტივალს ძალიან ბევრი უცხოელი და ასევე, მოწვეული ბლოგერები დაესწრებიან.
ცნობისთვის, წელს, კახეთის მთავარ მოვლენას, "გურჯაანის ღვინის ფესტივალს" მეღვინეობის ქალაქი 11 ოქტომბერს უმასპინძლებს.