logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"მოხმარების ზრდის შემთხვევაში, ქართული ნუში შესაძლოა სრულად შიდა ბაზარზე რეალიზდეს" - ნიკო ნიკოლაძე

საქართველოს არ აქვს პოტენციალი, რომ ნუშის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წარმოებული ნუშის რეალიზაცია ადგილობრივ, ან მეზობელ ქვეყნებში არ შეგვიძლია, - ამის შესახებ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ნიკო ნიკოლაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული შეფასება გამომდინარეობს ციფრებიდან, კერძოდ - აშშ წლიურად დაახლოებით, 1 400 000-მდე ტონა ნუშს აწარმოებს, მაშინ როცა ჩვენ მომდევნო წელს 1500 ტონა ნუშს ველოდებით. 

"შეუძლებელია სხვა ქვეყნის პრაქტიკის მორგება საქართველოზე, ანუ მაგალითად, შეუძლებელია აშშ-ის მოდელი, რომელიც მთავარი მწარმოებელია ნუშის, დააკოპირო და მაგალითად, საგარეჯოში გააშენო იგივე მოდელის ბაღი, რადგან განსხვავებული კლიმატური რეჟიმი და სხვადასხვა ტიპის ტექნიკაზე განსხვავებული ხელმისაწვდომობა გვაქვს, ამიტომ საჭიროა მისი ერთგვარი მორგება ჩვენს რეალობაზე. ეს გამოცდილება უკვე დაგროვებულია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხდება საოცრად საინტერესო პროექტების განხორციელება საქართველოში, რომელსაც საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს, რომ საჰექტრო მოსავლიანობა გაზარდოს და მიიღოს ის მოსავალი, რომელიც კონკურენტუნარიანია იქნება საერთაშორისო ბაზრებზე ფასის ჭრილში. რაც შეეხება ხარისხის - ამ კუთხითაც არ გვაქვს პრობლემა, რადგან მაგალიტად, თუ 2.4 ტონა ნუშის გულს მოვიყვანთ 1 ჰა-ზე ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ მაღალი კალიბრია, ნუშის ფორმა ლამაზია და შესაბამისად, შეგიძლია იფიქრო საერთაშორისო ბაზარზე.

დღეს ნუშის ფასი უბრუნდება რეალურ მაჩვენებელს და მოსახლეობას ეძლევა საშუალება, რომ 1 კგ ნუში იყიდოს. საქართველოში თუ 100 გრამი ნუშის მოხმარება იყო 1 სულ მოსახლეზე, ეს დაახლოებით, სამჯერ არის გაზრდილი. თუ მოხმარება დაეწევა ევროპის მაჩვენებელს, რომელიც 1 სულ მოსახლეზე 2.5 კგ-ია წლის განმავლობაში - ის მოცულობა, რომელსაც საქართველო აწარმოებს სრულად შეიძლება ადგილობრივ ბაზარზე დარჩეს იმ კონკურენტულ ფასად, რომელ ფასადაც ჩვენ პროდუქტი შეიძლება საერთაშორისო ბაზარსაც შევთავაზოთ. ნუშის წარმოება შეიძლება საინტერესო ბიზნეს მოდელად იქცევს, თუ საჰექტრო მოცულობა დაეწევა იმ მაჩვენებელს, რომელიც მაგალითად არის ესპანეთში", - აცხადებს ნიკო ნიკოლაძე.  

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დარგობრივი საბჭო იქმნება, რომელიც ფერმერების მხარდაჭერას, გამოწვევების იდენტიფიცირებას და კაკლისა და ნუშის სექტორის კოორდინირებულ განვითარებას ისახავს მიზნად. მინისტრი უკვე შეხვდა დარგის წარმომადგენლებს. 

ბიზნესი

გამოგვყევით