logo
Loading data...

ქართული ნიგოზი ექსპორტზე გალფის ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გაგვაქვს - "ანიგოზი"

ქართული ნიგოზი ექსპორტზე გალფის ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გაგვაქვს - "ანიგოზი"

1713932820

საქართველო აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე უმაღლესი ხარისხის, ნიგვზის მწარმოებელი ქვეყნის სტატუსი დაიმკვიდროს. მწარმოებლები ამბობენ, რომ ამ მიზნისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია .

ქართული ნიგვზის პოტენციალის შესახებ  საუბრისას კაკლის გადამმუშავებელი საწარმო „ანიგოზის“ თანადამფუძნებელი ანა ქევხიშვილი აცხადებს, რომ  ნაჭუჭგაცლილი კაკლის, ანუ იგივე ნიგვზის ექსპორტს „ანიგოზი“ გალფის ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უკვე ახორციელებს. მთავარი მიზანი კი, ევროპულ ბაზრებზე მოხვედრაა.

„ვფიქრობ, გაჩნდება ის სწორი დრო და ჩვენი გეგმის მიხედვით, ეს იქნება 2024 წლის ახალი მოსავალი, როდესაც ჩვენ ეს თავისუფალი ნიშა უნდა დავაკმაყოფილოთ იმიტომ, რომ გვაქვს ბევრი უპირატესობა, როგორც ხარისხობრივი, ისე ლოგისტიკური თვალსაზრისით და შეგვიძლია ქართული ნიგოზი ექსპორტზე გავიტანოთ. რაც მთავარია, გვაქვს სურსათის უვნებლობის სტანდარტი, რომელიც არის აუცილებელი ევროკავშირის ბაზრისთვის“, - განმარტავს  „ბიზნესპარტნიორთან“ ანა ქევხიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით, ქვეყანაში ძალიან მცირე რაოდენობით არის გაშენებული კაკლის ბაღები. საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო კი, საჭიროა ფერმერები ამ კულტურით უფრო მეტად დაინტერესდნენ.

„დღეს, საქართველოში კაკლის ბაღები უმეტესად კახეთისა და ქართლის რეგიონებში გვხვდება, ჯამურად მათი ფართობი 4500 ჰექტარს შეადგენს. გაშენებული კაკლის 90-95% კი ამერიკული ჩენდლერის ჯიშია. მსოფლიოში ჩილე და არგენტინა მიიჩნევა ტოპ ხარისხის პროდუქტის მწარმოებლებად  და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მათთან გათანაბრებული და უკეთესი ხარისხიც კი გვაქვს ჩენდლერის წარმოებაში“, - აღნიშნავს „ანიგოზის“ თანადამფუძნებელი.

ანა ქევხიშვილი ადგილობრივ ბაზარზეც  საუბრობს და განმარტავს, რომ ქართულ ნიგოზზე მოთხოვნა საქართველოშიც მკვეთრად გაიზარდა და წელს უკვე მასიურად გამოჩნდა ქართული წარმოების ნიგოზი სავაჭრო ქსელებში, რაც აქამდე არ ფიქსირდებოდა.

კაკლის გადამმუშავებელი საწარმო „ანიგოზი“ სოფელ მარტყოფში პანდემიის პერიოდში, კერძოდ 2021 წელს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით ამოქმედდა. პროექტში, დაახლოებით, 3 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო ამჟამად, ორი მიმართულებით მუშაობს, კერძოდ, ფერმერებისგან იბარებს როგორც სველ მდგომარეობაში, ახალ დაკრეფილ კაკალს, ასევე მშრალ კაკალს მეორადი გადამუშავებისთვის.

მარი მელიქიშვილი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით