საბჭოთა ეპოქაში ქართული ჩაი ინდუსტრიული გიგანტი იყო, 67 000 ჰექტარზე გადაჭიმული პლანტაციებითა და ასეულ ათასობით ტონა მზა პროდუქციით. იმპერიის დაშლასთან ერთად, ქართულმა ჩაიმ გარანტირებული ბაზრები, ინფრასტრუქტურა და რესურსები ერთ ღამეში დაკარგა. 90-იანი წლების კრიზისმა და სამოქალაქო ომმა სექტორი სრულ განადგურებამდე მიიყვანა: საწარმოები ჯართად ჩაბარდა, ხოლო 60 000 ჰექტარზე მეტი პლანტაცია უბრალოდ გაქრა.
დღეს, პოსტსაბჭოთა ნანგრევებიდან 30 წლის შემდეგ, ქართული ჩაის ინდუსტრია ფუნდამენტური არჩევანის წინაშე დგას. რა გზას ირჩევს დარგი, მასობრივ წარმოებას თუ ექსკლუზიურ, პრემიუმ ხარისხს? რა უშლის ხელს ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქტის დამკვიდრებას და სად გადის ზღვარი პლანტაციის რეაბილიტაციასა და რეალურ გაყიდვებს შორის?

საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, თენგიზ სვანიძე, ქართული ჩაის განვითარების ეტაპებს, არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და სექტორის სამომავლო პერსპექტივას აფასებს.
- როგორ განვითარდა ქართული ჩაის სექტორი პოსტსაბჭოთა კრიზისიდან დღემდე და რა იყო მთავარი გარდატეხის წერტილი დარგის აღორძინებაში?
- საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ დარგს ძალიან გაუჭირდა. ბაზრების დაკარგვამ პროდუქციის რეალიზაციის შეფერხება გამოიწვია. შესაბამისად, გადამუშავება შეჩერდა, რამაც ფოთლის კრეფის შეჩერება და პლანტაციების გაველურება განაპირობა. დაიწყო ჯაჭვური რეაქცია, რასაც მოჰყვა 90-იანი წლების სამოქალაქო ომი. გაჩერებული საწარმოები დაიშალა და მოწყობილობები ჯართად ჩაბარდა. 1995 წლიდან 2000 წლის დასაწყისამდე უმძიმესი პერიოდი იყო, დარგი მხოლოდ ნადგურდებოდა.
პირველი სტიმული 2001 წელს გაჩნდა, როცა სახელმწიფომ 3 მილიონი ლარის სუბსიდია გამოყო. ეს იყო ზღვაში წვეთი, საიდანაც დარგს ნახევარიც არ მოხმარებია, თუმცა დაფიქსირდა სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება. გარდატეხის მთავარი წერტილი კი ასოციაციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი მუშაობით შექმნილი პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა გახდა. პრაქტიკაში წამოჭრილი დაბრკოლებების შესაბამისად, მთავრობის დადგენილება რამდენჯერმე შეიცვალა, დაიხვეწა და შედეგად 1 300 ჰექტრამდე ჩაის პლანტაცია აღდგა. ამან ნაწილობრივ აღმოფხვრა ნედლეულის დეფიციტი. თუ საბჭოთა პერიოდში 67 000 ჰექტარი ჩაის პლანტაცია გვქონდა, 2000-2010 წლებში მხოლოდ 7 000 ჰექტარიღა იყო დარჩენილი, 60 000 ჰექტარი პლანტაცია კი პრაქტიკულად გაქრა.
- რა არის დღეს დარგის უმთავრესი პრობლემა: მუშახელის დეფიციტი, ტექნოლოგიური ჩამორჩენა თუ ნედლეულის ხარისხი?
- დღეს სამივე კომპონენტი პრობლემურია, თუმცა ფუნდამენტურად შეიცვალა მთავარი, კერძოდ ჩაის გადამუშავებისადმი მიდგომა. საბჭოთა ბაზარი, სადაც უხარისხო პროდუქცია საღდებოდა, მოკვდა. საწყობისთვის არავინ მუშაობს, ამიტომ ყველა მიხვდა, რომ უხარისხო ჩაის გამოშვებას აზრი არ აქვს. დღეს საქართველოში მხოლოდ ხარისხიანი ჩაი იწარმოება.
თავის მხრივ, ხარისხიან პროდუქტს სჭირდება კვალიფიციური თანამშრომლები, ტექნოლოგიები, აგრონომები და თიტესტერები. სწორედ ამ კვალიფიციური ხალხის დეფიციტია დღეს მთავარი გამოწვევა. ძველი თაობა მიდის, სასწავლო ინსტიტუტები აღარ არსებობს და ცოდნის გადაცემის ჯაჭვი წყდება. ახლა დონორებისა და სახელმწიფოს მხარდაჭერით ვცდილობთ სასწავლო პროგრამების შექმნას. ამას ემატება შიდა გაყიდვების, რეკლამისა და პიარის ნაკლებობაც. სამწუხაროდ, ამ გამოწვევებს ემატება ისიც, რომ დღეს ქვეყანაში ჩაის ბაზრის ზუსტი ანალიზი არ არსებობს. სახელმწიფო სტრუქტურებს არ აქვთ სრული მონაცემები, თუ ზუსტად რამდენი იწარმოება ან იყიდება ქვეყანაში.
- ადგილობრივ ბაზარზე იაფფასიანი იმპორტირებული ჩაის სიმრავლის ფონზე, რამდენად კონკურენტუნარიანია ქართული ჩაი? ხომ არ აფრთხობს მომხმარებელს ადგილობრივი პროდუქციის შედარებით მაღალი ფასი?
- ხარისხიანი ჩაის წარმოებას შესაბამისი ღირებულება აქვს. ჩვენი პროდუქციის თვითღირებულება მაღალია, რადგან რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით მუშახელიც ძვირია და ენერგორესურსებიც. ამას ემატება ისიც, რომ 1 კილოგრამი მზა პროდუქციის მისაღებად 4 კილოგრამი ჩაის ფოთოლია საჭირო. შესაბამისად, თუ მკრეფავს 1 კილოგრამ ფოთოლში 5 ლარს გადავუხდით, ეს თვითღირებულებაში პირდაპირ 20 ლარად აისახება. ამას ემატება გადამუშავების, შეფუთვისა და ენერგომატარებლების ხარჯი.
პარალელურად, შიდა ბაზარზე აქტიურად შემოდის იმპორტირებული, ხშირად დაბალი ხარისხის ან მინარევებიანი ჩაი, თანაც დემპინგური ფასით. ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა თურქეთი თუ აზერბაიჯანი, ადგილობრივი წარმოების სუბსიდირებასა და ექსპორტის წახალისებას ახდენენ, რაც მათ საშუალებას აძლევს, პროდუქცია ჩვენს ბაზარზე გაცილებით იაფად შემოიტანონ. ასეთ პირობებში ქართულ ჩაის საფასო კონკურენციის გაწევა უჭირს. სწორედ ამით არის გამოწვეული, რომ ადგილობრივ ბაზარზე ქართული ჩაის ხვედრითი წილი დღეს 20-25 პროცენტს შეადგენს. თუმცა, ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან 10 წლის წინ ეს მაჩვენებელი 8 პროცენტს არ აღემატებოდა.
- სად ხედავთ ქართული ჩაის მთავარ სტრატეგიულ ნიშას, უნდა ავიღოთ ორიენტაცია მასობრივ წარმოებაზე, თუ ერთადერთი გზა პრემიუმ და ორგანული სეგმენტია?
- იქიდან გამომდინარე, რომ დღეს იმ რაოდენობის პლანტაციები აღარ გვაქვს, რაც მასობრივი ჩაის წარმოებაზე გადასვლის საშუალებას მოგვცემდა, ამ ეტაპზე აუცილებლად მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე უნდა ავიღოთ ორიენტაცია. ეს გულისხმობს მცირე მოცულობის, თუმცა პრემიუმ ხარისხის ჩაის გამოშვებას.
ამასთანავე, რადგან ქართულ პლანტაციებში სასუქები და ქიმიკატები დიდი ხანია არ შეგვიტანია, რეალური პოტენციალი არსებობს ბიოჩაის წარმოების კუთხითაც. რა თქმა უნდა, მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია შედარებით მასობრივი ჩაის წარმოებაც, რომელსაც რეალიზაციის პერსპექტივა ექნება პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა თუ შუა აზიაში, სადაც ქართული ჩაის მიმართ ნოსტალგია ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა, მთავარი სტრატეგიული ვექტორი მაინც მაღალფასიანი და მაღალხარისხიანი ჩაის წარმოებაზე უნდა გადიოდეს.
- რეგიონებში ჩაი სხვა აგრარულმა კულტურებმა ჩაანაცვლა. მაგალითად, სამეგრელოსა თუ გურიაში დღეს მოცვის კულტურაა პოპულარული. ფერმერისთვის მოცვის გაშენება უფრო იაფი და ხელსაყრელია, ვიდრე ჩაის პლანტაციის მოვლა?
არავითარ შემთხვევაში. ჩაი, სხვა კულტურებთან შედარებით, გაცილებით მდგრადი და მოსავლელად მარტივი მცენარეა. აქ მთავარი პრობლემა დროებითი აგრარული ეიფორიაა.
თავდაპირველად ასეთი ეიფორია თხილზე იყო. ფერმერებს ეგონათ, რომ თხილის დარგვის შემდეგ პროდუქციას მინიმალური დანახარჯებით მოკრეფდნენ და 8 ლარად გაყიდდნენ. რეალურად კი თხილს სერიოზული აგროტექნიკური მოვლა, შეწამვლა და სასუქები სჭირდება. უცოდინრობისა და მოუვლელობის გამო, ბევრმა ფერმერმა პლანტაციები საერთოდ დაკარგა. გარდა ამისა, თხილის ფასს თურქული ბაზრის მოსავლიანობა არეგულირებს. სრულიად ანალოგიური ვითარება შეიქმნა მოცვთან დაკავშირებითაც. მოცვის ფასი პირდაპირ არის დამოკიდებული ამინდსა და საადრეო კალენდარზე: თუ მოსავალი ევროპულ პროდუქციამდე შემოვიდა, პირველ კვირას ფასი შეიძლება 25 ლარს აღწევდეს. თუმცა, როგორც კი ევროპული ბაზარი იხსნება, ფასი მკვეთრად ვარდება 3 ლარამდე, რაც თვითღირებულებასაც ვერ ფარავს. ამ ფონზე, ჩაი გამოირჩევა სტაბილურობით. იგი არ წარმოადგენს მალფუჭებად პროდუქტს, სწორი შენახვის პირობებში მისი რეალიზაცია ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
- რამდენი წელია საჭირო ჩაის პლანტაციის გაშენებისთვის და არის თუ არა ქვეყანაში სარეაბილიტაციო რესურსი დარჩენილი?
- ახალი ჩაის პლანტაციის გაშენებასა და სრულ მსხმოიარობაში შესვლას მინიმუმ 6-7 წელი სჭირდება, ხოლო არსებული, გაველურებული პლანტაციების რეაბილიტაციას 3-დან 5 წლამდე.
დღეს ქვეყანაში დაახლოებით 5 000 ჰექტარამდე სარეაბილიტაციო პოტენციალი მაინც არსებობს. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება: სახელმწიფო რეაბილიტაციის პროგრამა დიდი მასშტაბით დროებით უნდა შეჩერდეს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ კერძო მფლობელებმა პლანტაციების რეაბილიტაცია კი განახორციელეს, თუმცა მოკრეფილი ნედლეულიდან მიღებული მზა პროდუქცია ბაზარზე ვერ გაყიდეს. როდესაც სრული ღირებულების ჯაჭვი შეკრული არ არის და რეალიზაციის არხები არ არსებობს, მწარმოებელი უარს ამბობს ფოთლის მოკრეფასა და დამატებითი ხარჯის გაღებაზე, რათა პროდუქცია საწყობში არ გაუფუჭდეს. შედეგად, რეაბილიტირებული პლანტაციები კვლავ გაველურებისკენ მიდის.
- ოპტიმალურ პირობებში, რა ვადით არის შესაძლებელი დაკრეფილი და გადამუშავებული ჩაის საწყობში შენახვა?
- შესაბამისი პირობების დაცვის შემთხვევაშიც კი, პროდუქციის საწყობში გაჩერება 1 წელზე მეტი ხნით რეკომენდებული არ არის. ჩაი ხასიათდება მაღალი ორგანოლეპტიკური მგრძნობელობით. ხანგრძლივი ან არასწორი შენახვისას იგი ადვილად იწოვს უცხო სუნსა და ტენს, რაც პროდუქტის ხარისხს ფუნდამენტურად აუარესებს.
ქართული ჩაის ისტორია საბჭოთა რაოდენობრივი გიგანტომანიიდან თანამედროვე, ხარისხზე ორიენტირებულ ბაზრამდე ტრანსფორმაციის რთული გზაა. დღეს სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის დემპინგური იმპორტი, პროფესიონალი კადრების დეფიციტი და გაუაზრებელი აგრარული ეიფორია, ნათლად აჩვენებს, რომ მხოლოდ პლანტაციების აღდგენა საკმარისი არ არის.
ქართული ჩაის ისტორია საბჭოთა რაოდენობრივი გიგანტომანიიდან თანამედროვე, ხარისხზე ორიენტირებულ ბაზრამდე ტრანსფორმაციის რთული გზაა. დღეს სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები დემპინგური იმპორტი, პროფესიონალი კადრების დეფიციტი თუ გაუაზრებელი აგრარული ეიფორია ნათლად აჩვენებს, რომ მხოლოდ პლანტაციების მექანიკური აღდგენა საკმარისი არ არის. თენგიზ სვანიძის სიღრმისეული ანალიზიდან აშკარად იკვეთება, რომ ქართული ჩაის მომავალი არა მასობრივ რაოდენობაში, არამედ სრულყოფილ ღირებულების ჯაჭვში, პრემიუმ სეგმენტსა და ორგანულ წარმოებაშია. თუ სახელმწიფო და კერძო სექტორი შეძლებენ პროფესიული ცოდნის აღდგენასა და რეალიზაციის არხების გამართვას, ქართულ ჩაის აქვს ყველა წინაპირობა, რომ რეგიონულ ბაზარზე საკუთარი, ექსკლუზიური ადგილი ხელახლა დაიმკვიდროს.
პროექტი ხორციელდება HELVETAS Swiss Intercooperation-ის და WINS Global Consult-ის კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.