პარლამენტის დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარადგინა.
მომხსენებელმა საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვისას ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე, ინფლაციის მაჩვენებელზე, საგარეო ვაჭრობის მიმართულებებზე, ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრა.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ეკონომიკური ზრდის დინამიკა წელსაც გრძელდება.
„წელს, 6 თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7,9% შეადგინა. ჩვენ უკვე განვაახლეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომელიც 6,3%-ის დონეზეა წარმოდგენილი. ეს მაჩვენებლები თანხვედრაშია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან, რომლებმაც ასევე გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 925 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5,8%-ით არის გაზრდილი. აქედან, ექსპორტის მაჩვენებელი 3 876 მილიონი დოლარია, იმპორტის - 9 049 მილიონი დოლარი.
გიორგი კაკაურიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კვლავ ევროკავშირია, რომლის წილი ქვეყნის მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 20.1%-ია.
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს ევროკავშირთან და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს.
მომხსენებელმა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის პირველ ნახევარში საქართველოს 2 734.5 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ეს მაჩვენებელი 11%-ით არის გაზრდილი და 1 692 მილიონ დოლარს მიაღწია.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 15 086 მილიონი ლარი შეადგინა და ის 104%-ით არის შესრულებული.
რაც შეეხება გადასახადებს, მიღებულმა შემოსავლებმა 13 303 მილიონ ლარს გადააჭარბა და დაგეგმილის 101,9% შეადგინა.
მომხსენებლის თქმით, გრანტებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 170 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. გადაჭარბებით არის შესრულებული სხვა შემოსავლებიც, რომელთა ოდენობა 1 613 მილიონი ლარია. პრივატიზაციიდან 248 მილიონი ლარია შემოსული და დაგეგმილი 134%-ით არის შესრულებული.
რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ჯამში 12 515 მილიონ ლარამდეა მობილიზებული, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 103%-ია. გადასახადებიდან 6 თვეში მიღებულია 11 216 მილიონი ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 101,3%-ია. მისი თქმით, გადაჭარბებაა სხვა შემოსავლების მიმართულებითაც.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია 30 881 მილიონ ლარზე მეტით და წლის პირველ ნახევარში ათვისებულია 14 053 მილიონი ლარი.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, საშუალო მაჩვენებელი 92%-ია.
მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საანგარიშო პერიოდში 107 819 ათასი ლარი, კულტურის სამინისტრომ 163 553 ათასი ლარი, ხოლო სპორტის სამინისტრომ 168 605 ათასი ლარი აითვისა.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
საკითხის განხილვის შემდეგ, კომიტეტებმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღეს.