სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პირუტყვის სეზონურ საძოვრებზე გადარეკვის დაწყებასთან დაკავშირებით, ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე ცხოველების გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგო დამუშავება დაიწყო.
პროცესის მიმდინარეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი თელავის მუნიციპალიტეტში არსებულ პუნქტში გაეცნო.
„სააგენტოს ვეტერინარები პირუტყვის დამუშავებას საძოვრებზე სეზონური გადარეკვისას, წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ბიოუსაფრთხოების წესების სრული დაცვით უზრუნველყოფენ. წელს უკვე 503 ათასამდე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვია დამუშავებული. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს ცხოველების ჯანმრთელობის დაცვას, დაავადებების გავრცელების რისკის შემცირებას და შედეგად ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას“, – აღნიშნა ალექსანდრე ზურაბიშვილმა.
კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში (დედოფლისწყარო, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, დუშეთი/ქუბრიაანთკარი), ცხოველთა გადასარეკი ტრასების საკვანძო ადგილებში, დღეისათვის, 7 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები და ვეტერინარული პუნქტი. ცხოველთა დამუშავებისას მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები გამოიყენება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერმერებს უსასყიდლოდ ემსახურებიან.