ვალუტის ონლაინ კონვერტაციის აპლიკაცია ბაზარზე 2025 წელს გამოჩნდება. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული, ვალუტის ონლაინ კონვერტაციის პირველი პლატფორმის KURSI.GE-ს თანადამფუძნებელმა ნინო კუპრაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, პლატფორმა KURSI.GE ბაზარზე 8 თვის წინ გამოჩნდა და რეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობა ამ ეტაპზე, 4000-ს აჭარბებს.
როგორც ნინო კუპრაშვილმა აღნიშნა, პლატფორმის მომხმარებლების უდიდესი ნაწილი ქართველია, თუმცა სერვისით ის უცხოური კომპანიებიც სარგებლობენ, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ.
„ჩვენს პლატფორმაზე სერვისის მიღება რეგისტრაციის გარეშეც შესაძლებელია. კერძოდ, ჯამში მომხმარებლების 20% რეგისტრაციის გარეშე ახორციელებს კონვერტაციას. თვიდან თვემდე ორმაგდება როგორც მომხმარებლების რიცხვი, ისე კონვერტირებული ვალუტის რაოდენობა.
უმეტეს წილად კურსი დგინდება ბაზრის მიხედვით, ვცდილობთ, რომ რა კურსიც ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებშია, ის გვედოს ჩვენს ონლაინ პლატფორმაზეც. გარდა ამისა, ვითვალისწინებთ ტენდენციებსა და პროგნოზებს.
ჩვენი სამომავლო გეგმები ბევრ რამეს მოიცავს. დღესდღეობით მომხმარებელს უწევს დააკოპიროს ანგარიშის ნომერი გადავიდეს ინტერნეტ ბანკში გადმოგვირიცხოს თანხა და შემდეგ ჩვენ დაკონვერტირებულ თანხას უკან ვურიცხავთ, ამიტომ ვგეგმავთ open banking-ის ინტეგრაციას ჩვენ პლატფორმაზე. ეს მომხმარებელს მისცემს საშუალებას მთელი პროცესი ჩვენს პლატფორმაზე გაიაროს. გარდა ამისა, ჩვენი პლატფორმა ამჟამად 2 ბანკის მომხმარებლებს ემსახურება და მომავალში ვგეგმავთ, როგორც ბანკების ჩამონათვალის დამატებას, ისე ვალუტების“, - აცხადებს ნინო კუპრაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული KURSI.GE არის ვალუტის ონლაინ კონვერტაციის პირველი პლატფორმა, რომელიც ბაზარზე 8 თვის წინ გამოჩნდა. KURSI.GE მომხმარებლებს ვალუტის კონვერტაციას ჯიხურის კურსით სთავაზობს.
სტარტაპი GITA-ს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.