logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"ახალი კონცეფციის GITA 2.0-ის ფარგლებში ინოვაციურობას ეკონომიკის ყველა სექტორში შევიტანთ" - ავთანდილ კასრაძე

"ახალი კონცეფციის GITA 2.0-ის ფარგლებში ინოვაციურობას ეკონომიკის ყველა სექტორში შევიტანთ, მათ შორის, ტრადიციულ სექტორებში", - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის გლობალურ კონკურენტუნარიანობაზე ვისაუბროთ.

ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ინოვაციური ეკოსისტემის სწრაფ და მუდმივ განვითარებაზე. აქ ჩვენ დავინახეთ სრულიად ახალი საჭიროებები. ეკოსისტემის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო რთულდება მისი დაჩქარების პროცესი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წარმოგიდგინოთ სრულიად ახალი კონცეფცია - GITA 2.0. პირველი 10 წლის განმავლობაში ჩვენ ვიყავით სტარტაპების დაფინანსებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია.  GITA 2.0 არის სწორედ ის დასაწყისი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ აბსოლუტურად ყველა სექტორს შეუძლია მაღალტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვა. ჩვენ სამი მთავარი ტექნოლოგიური პრიორიტეტი განვსაზღვრეთ ეკონომიკური ამოცანებიდან გამომდინარე. ჩვენი მიზანია ამ სამი მიმართულებით საქართველო იყოს წამყვან პოზიციაზე  მსოფლიო ტექნოლოგიური განვითარების პროცესში. მაშასადამე  ჩვენს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინვესტიციები მოვიზიდოთ და ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია დავაფუძნოთ ტექნოლოგიების განვითარებაზე. პირველ რიგში ხელოვნური ინტელექტი - დღეს შეუძლებელია, რომელიმე ქვეყანა განვითარდეს ხელოვნური ინტელექტის გარეშე.

საქართველოს ვალია, რომ ხელოვნური ინტელექტი ქართულ ენაზე განვითარდეს. მეორე არის ფაგები და ჩვენთვის ეს იყო ყველაზე მარტივი არჩევანი. მსოფლიოში პირველი კვლევითი ინსტიტუტი, ელიავას ინსტიტუტი ბაქტერიოფაგების მიმართულებით თბილისში არის შექმნილი. ჩვენ ვხედავთ მსოფლიო ტრენდებს როგორ იზრდება მოთხოვნა ფაგების მიმართულებით.  ჩვენი ფოკუსი იქნება სამეცნიერო ცოდნა და გამოცდილება კომერციალიზაციაში გადავზარდოთ. ეს ის  მიმართულებაა, სადაც საქართველოს შეუძლია არამარტო ტექნოლოგიური განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყოს, არამედ გლობალური ლიდერიც.  მესამე მიმართულებაა აგროტექნოლოგიები. ეს მნიშვნელოვანი სფეროა ჩვენთვის, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ სფეროშია დასაქმებული. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვით, ქართულ ნიადაგზე შემუშავებული სამეცნიერო  გამოგონებებით სოფლის მეურნეობის სექტორში პროდუქტიულობის გაზრდა გვჭირდება”, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

გამოგვყევით