საქართველოდან ლიდერ ტურისტულ მიმართულებად თურქეთი, საბერძნეთი და კვიპროსი რჩება, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Travelfy-ის ხელმძღვანელმა, გიორგი მელიქიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის გარდა მიმდინარე წელს, ერთ-ერთი აქტუალური მიმართულება პორტუგალია იყო.
"მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე საზღვარგარეთ დასვენებაზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე არ ყოფილა. გარდა ამისა, მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გარკვეული შიშები ჰქონდათ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოთხოვნაზე აისახა. ჩვენს შემთხვევაში კლება არ ყოფილა, თუმცა ძალიან ბევრ კომპანიას მოთხოვნა შეუმცირდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვერ ვიტყოდით, რომ ძალიან კარგი სეზონი იყო.
გარკვეული ქვეყნები ყოველთვის ყველა სეზონე მოთხოვნადია, მათ შორის, ესპანეთი და იტალია.
რაც შეეხება ფასებს - ზოგადად, წლიდან წლამდე, როდესაც რაიმე მძიმე ფონი არ არის მსოფლიოში, სასტუმროები 15-20%-ით ზრდიან ღირებულებას. უნდა აღინიშნოს, რომ თუ პარალელს საქართველოსთან გავავლებთ - აქაც ანალოგიურად იზრდება ფასები და ჩვენი საკურორტო ზონების ფასები არაფრით ჩამოუვარდება უცხოეთის სასტუმროების ფასებს. ზოგადად ბათუმში დასვენების ფასები რომ იკითხოთ მიხვდებით, რომ ჩვენთან ყოველწლიურად ფასების 20%-ზე მეტი ზრდაა და ამასთან, სერვისი ბევრად დაბალი. აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვით, რომ უცხოეთში დასვენება გაძვირდა. საქართველოში კიდევ უფრო მეტად ძვირდება დასვენება, ვიდრე ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს გიორგი მელიქიშვილი.