კოტეჯები ბაკურიანში (ჩვენი სახლი მთაში) დამფუძნებლის, გენადი მუმლაძის ინფორმაციით, დაბაში ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით შემცირდა, რასაც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი ტურისტულ ობიექტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირებს.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კოტეჯების ქსელის დამფუძნებელი აღნიშნავს, ბაკურიანს განსაკუთრებით აზიელი, მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები სტუმრობენ, რომლებიც ადგილზე ძირითადად 2-3 დღით რჩებიან, ხოლო სტუმრების მოთხოვნებს ადგილობრივი მეწარმეები უკვე კარგად იცნობენ.
"საერთო ჯამში კარგი სეზონი არ გვაქვს, თუმცა ამჟამად, სამივე კოტეჯი დაკავებულია. ზაფხულში ფასის დიაპაზონს რაც შეეხება, ერთი ღამის ღირებულება 150-დან 300 ლარამდე მერყეობს. წინასწარი ჯავშნები გვაქვს, სექტემბერში გარკვეული დღეები უკვე დაკავებულია. ხშირია კორპორატიული შეკვეთები, სეზონურად ხშირად ჩამოდიან, თუმცა პროცენტულად ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება.
დიდ კოტეჯში ძირითადად უცხოელი ვიზიტორები არიან, პატარა კოტეჯით კი, ადგილობრივი მოსახლეობა ინტერესდება. უცხოეთიდან განსაკუთრებით არაბული ქვეყნებიდან და ინდოეთიდან ჩამოდიან. შემიძლია გითხრათ, რომ პროცენტულად აზიელი, უკრაინელი, ებრაელი ვიზიტორები ლიდერობენ...
აზიელი სტუმრები, პირველ რიგში, კოტეჯში ჰიგიენურ ონკანებს ითხოვენ, სხვა კუთხით, ევროპელი სტუმრებისგან თითქმის არ განსხვავდებიან. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა შემცირებული, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მაგალითად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და უშუალოდ, ბაკურიანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, რაც მომხმარებლებისთვის დისკომფორტია", - აღნიშნავს კოტეჯების დამფუძნებელი.
გენადი მუმლაძე აზიელი სტუმრების შესახებ დეტალურად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ადრე დაბაში მათთვის სასურველი საკვები ობიექტები არ იყო, ახლა კი სხვა მოცემულობაა.
"აზიელი ვიზიტორები უკვე დიდი ხანია გვსტუმრობენ და ადგილობრივმა ბიზნესმა უკვე ვისწავლეთ - რა მოთხოვნა აქვთ, როგორ უნდა მივუდგეთ, თუნდაც მათთვის სასურველი საკვებ ობიექტების რაოდენობა გაიზარდა. ჩვენი კერძების მირთმევით ნაკლებად ინტერესდებიან, მაგალითად, ხინკლის ჭამა, რომ უნდათ ეშინიათ შემთხვევით, შიგთავსი ღორის ხორცისგან არ იყოს. ძირითადად სურთ, მზარეული საკვებს, როგორ ამზადებს საკუთარი თვალით დაინახონ. კომუნიკაცია არ გვიჭირს, ენაც უკვე ასე, თუ ისე ვისწავლეთ და მშვენივრად ვემსახურებით, - აცხადებს კოტეჯების დამფუძნებელი.
ცნობისთვის, კოტეჯები ბაკურიანში (ჩვენი სახლი მთაში) 3 კოტეჯისგან შედგება, სადაც სულ 30 კაცის განთავსებაა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოებს უკვე მეორე წელია ახორციელებს. სისტემების მოწყობის პროექტირება-მშენებლობაზე ხელშეკრულება 2024 წლის დასაწყისში გაფორმდა.
ამასთან, 24 ივლისს, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ბაკურიანში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა.