საქართველოს ტყის კოდექსის საფუძველზე ტყის ინვენტარიზაციისა და ტაქსაციის ახალი სასწავლო პროგრამა იწყება, რომლის მიზანიც სატყეო სფეროს სპეციალისტების გადამზადება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.
როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, კარლო ამირგულაშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, პროგრამის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია, ხოლო სწავლა პრაქტიკულ და თეორიულ კომპონენტებს მოიცავს.
ამასთან, კარლო ამირგულაშვილი ტყეების ინვენტარიზაციაზე (აღრიცხვა, დათვლა, აღწერა) საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოში 2028 წლიდან ტყის ეროვნული მასშტაბის აღრიცხვა იწყება.
"ჩვენი ქვეყნის 45% ტყითაა დაფარული და სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. ზოგადად, მეტყევეები აღნიშნულ მიმართულებას რამდენიმე წელი სწავლობენ. ჩვენს სატყეო სკოლაში რეგისტრაცია უკვე გაიხსნა და 31 მაისამდე გაგრძელდება, ხოლო გათვლილი 21 სტუდენტზე იქნება. რაც შეეხება სწავლას 4 ივნისს დაიწყება და 24 ივლისამდე გაგრძელდება, რომელიც როგორც პრაქტიკულ სწავლებას (ბაკურიანსა მცხეთაში), ისე თეორიულ ცოდნას მოიცავს. მოკლე დროში ბევრი სპეციალისტის დამატება გვინდა, სფეროს მიმართ ინტერესი საკმაოდაა - პირები, რომლებიც სატყეო სკოლაში დარეგისტრირდნენ ძირითადად ბაკალავრის დიპლომს (სფეროს მიმართულებით) ფლობენ. ანაზღაურება საკმაოდ ადეკვატურია და ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავაინტერესებთ.
ზოგადად, საკანონმდებლო ვალდებულებაა, რომ ტყეების ინვენტარიზაცია განხორციელდეს. პირველ რიგში, აუცილებელია ტყეების მდგომარეობის ცოდნა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ ამიერკავკასიაში პირველად 2019-2021 წლებში ტყის ეროვნული აღრიცხვა ჩაატარა, სადაც ზოგად ინფორმაციას ვიგებთ დარგობრივი პოლიტიკის შემუშავების მიზნით ტყეების მდგომარეობის შესახებ. ამასთან, დიდი ეროვნული მასშტაბის ინვენტარიზაცია 2028 წლიდანაა დაგეგმილი, რაც ქვეყნის მასშტაბით ტყის სრულ აღრიცხვას გულისხმობს", - აცხადებს დეპარტამენტის ხელმძღვანელი.