"საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლევან ჩიკვაიძე გიორგი ერაძემ შეცვალა. კომპანიამ შესაბამისი ცვლილება დღეს დაარეგისტრირა.
"გათავისუფლდეს შპს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ლევანი ჩიკვაიძე და დასახელებულ პოსტზე დაინიშნოს გიორგი ერაძე.
შპს "საქართველოს ფოსტის" ( ს/კ 203836233) გენერალური დირექტორის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განისაზღვროს 14000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით (დარიცხული),"-აღნიშნულია სამეწარმეო რეესტრში დღეს წარდგენილ დოკუმენტაციაში.
შეგახსენებთ, ლევან ჩიკვაიძე საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.
რაც შეეხება გიორგი ერაძეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას საფოსტო და სატრანსპორტო - საექსპედიტორო მომსახურების სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს.
გიორგი ერაძეს აქვს აკადემიურ ხარისხი საერთაშორისო სამართალში, ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს სატვირთო გადაზიდვებში უსაფრთხოების მართვის სისტემის, საინფორმაციო და საავიაციო უსაფრთხოების და სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით.
სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფოსტა“ არის 100 პროცენტით სახელმწიფო წილობრივი კომპანია. ის არის ქვეყნის უმსხვილესი საფოსტო ორგანიზაცია, რომელსაც სერვისცენტრების ყველაზე დიდი ქსელი აქვს. საქართველოს მასშტაბით კომპანიის 80 სერვისცენტრი ფუნქციონირებს. "საქართველოს ფოსტა" ქვეყნის ლიდერი საფოსტო ოპერატორია, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს.