2026 წლის მარტიდან, საქართველოს ავიაბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ავიაკომპანია Etihad Airways შემოდის. აბუდაბი-თბილისი-აბუდაბის მიმართულებით ფრენები ყოველდღიურად შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ყურის ქვეყნები საქართველოსთვის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად მზარდია.
,,Etihad Airways არის სრული სერვისის მქონე მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიებს შორის. ავიაკომპანია გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და უსაფრთხოებით. მისი შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხს. ავიაკომპანია 2026 წლის მარტიდან ყოველდღიურად შეასრულებს ფრენებს თბილისსა და აბუდაბის შორის. რაც კიდევ უფრო დადებითად აისახება საქართველოში ყურის ქვეყნებიდან ტურისტულ ნაკადებზე, რომლებიც მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ყურის ქეყნებიდან საქართველოს 500 ათასამდე მგზავრი ეწვია. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17 %-იანი მატებაა.
Skytrax-ის მიხედვით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლაგმანი Etihad Airways 2025 წლის რეიტინგში მსოფლიოს Top 20 საუკეთესო ავიაკომპანიებს შორის მოხვდა, Travel + Leisure-ის მიხედვით კი მე-9 ადგილზე. სხვადასხვა გამოკითხვებით ავიაკომპანია უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში მეხუთე ავიაკომპანიად დასახელდა.