logo
Loading data...

"მესტიას ახალი სამგზავრო ტერმინალი ჰაერივით სჭირდება'' - სასტუმრო "ძველი სახლი"

"მესტიას ახალი სამგზავრო ტერმინალი ჰაერივით სჭირდება'' - სასტუმრო "ძველი სახლი"

1713952080

მესტიაში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობას და მოთხოვნის მოსალოდნელ ზრდას ტურისტული ბიზნესი ''ბიზნესპარტნიორთან" აფასებს. საოჯახო სასტუმრო  "ძველი სახლის" თანადამფუძნებელი სანდრო გოშთელიანი აცხადებს, რომ სექტორი  გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მზად არის.

მისი განმარტებით, თუკი ახალი ტერმინალი ყოველ ერთ  საათში 100 მგზავრს მიიღებს, თავის მხრივ, ტურისტული ობიექტი  აქტიურ სეზონსა და ასევე გამოფენა-ფესტივალების პერიოდში 100%-ით დაიტვირთება. ამ ეტაპზე 100 მგზავრს მესტიის აეროპორტი კვირის განმავლობაში იღებს. ავიარეისი  ნატახტარის აეროპორტიდან ხორციელდება.

იმისთვის, რომ ფრენების სიხშირე გაიზარდოს, ამისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურაც არის საჭირო, როგორც გოშთელიანი განმარტავს, ამ მხრივ მნიშვნელოვანია  გამართული გზები, ელექტროენერგიის სტაბილურობა, გასართობი სივრცეები, საბაგიროები და სამთო სათხილამურო ტრასების კეთილმოწყობა.

"ფრენების სიხშირე უნდა გაიზარდოს, რომ  მესტიაში ტურიზმმა იმუშაოს. აქ ყოველი სახლი ფაქტობრივად, მცირე საოჯახო სასტუმროა, ამიტომ ახალი ტერმინალი ჰაერივით საჭიროა. ამ ეტაპზე დაფრინავს პატარა, 16-ადგილიანი თვითმფრინავი, რაც არასაკმარისია. საათში 100 კაცის  გამტარიანობის შემთხვევაში, ცხადია,  მოუწევთ ახალი თვითმფრინავის დამატება,  დიდი ზომის (50-ადგილიანი) თვითმფრინავი  რამდენად იფრენს,  საეჭვოა, ვინაიდან  მთიანი რელიეფიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემაა. არ ვიცი,  როგორ მოხერხდება, ალბათ ესეც გათვლილია“, - აცხადებს ანდრო გოშთელიანი.

გარდა ამისა, საოჯახო სასტუმროს თანადამფუძნებელი  "ბიზნესპარტნიორთან“ ფესტივალების და სპორტული ღონისძიებების გააქტიურებაზეც საუბრობს.

მისი თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში მესტიამ რამდენიმე გამოფენას, ოლიმპიურ ღონისძიებას  და ფესტივალს უმასპინძლა, რა პერიოდშიც სასტუმრო სრულად იყო დატვირთული.

"მესტია ძირითადად მუშაობს ზაფხულში, ისიც 2  თვის განმავლობაში (ივლისი-აგვისტო). ამ დროს ზამთრის ტურიზმის უდიდესი პოტენციალია, რაც უნდა განვავითაროთ. პირველ რიგში, ახალი  სათხილამურო ტრასები უნდა მოეწყოს. ბევრი გაკეთდა, მაგრამ რჩება გამოწვევაც, რაშიც ბიზნესს დახმარება და გვერდში დგომა სჭირდება“, - აცხადებს სანდრო გოშთელიანი.

შეგახსენებთ, მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პროექტს „გრინ სტუდიო“ განახორციელებს.

პრემიერის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 11%-იანი ზრდაა,  აღნიშნულ პერიოდში  1 300 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც 1 მლნ ტურისტი იყო.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით