logo
Loading data...

"მესტიას აქვს რესურსი,  დღიურად 2000 ვიზიტორი მიიღოს" - კახა ჟორჟოლიანი

"მესტიას აქვს რესურსი,  დღიურად 2000 ვიზიტორი მიიღოს" - კახა ჟორჟოლიანი

1713880800

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ მესტია მზადაა,  დღიურად  2000 ტურისტი მიიღოს. მისი განცხადებით, ტურისტული პოტენციალის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი ტერმინალის მშენებლობა, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

როგორც ცნობილია, ახალი ტერმინალი საათში 100 მგზავრს მიიღებს. ჟორჟოლიანის  განცხადებით, არსებული ინფრასტრუქტურა იძლევა საშუალებას, გაზრდილ მოთხოვნას გაუმკლავდეს. კერძოდ, მესტიის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოჯახო სასტუმროების რაოდენობა 900-ს აჭარბებს, 5 სასტუმრო შედარებით მსხვილია და 30-ზე მეტი ადამიანის განთავსების შეუძლია.  საწოლი ადგილების რიცხვი კი  მესტიაში, ჯამში 3000-მდეა.

რაც შეეხება ზაფხულის სეზონის  მოლოდინს, ჟორჟოლიანის ვარაუდით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით მეტი ტურისტი შემოვა, რაც ზამთრის სეზონის მაჩვენებელს 50%-ით გადააჭარბებს.

მისი თქმით, მოსალოდნელია ევროპული ნაკადების ზრდა. ამასთან,  უკვე შეიმჩნევა ინტერესი ყაზახეთიდან და ჩინეთიდან,  უკანასკნელ შემთხვევაში, გავლენა განსაკუთრებით ჩინეთთან უვიზო რეჟიმის შემოღებამ მოახდინა, რაც დადებითად აისახება მესტიის ტურისტულ პოტენციალზეც.

მესტიის მერის განცხადებით, კიდევ ერთი მიზეზი, რამაც ტურიზმის გააქტიურებას შეუწყო ხელი, ინფრასტრუქტურული პროექტებია. კერძოდ,  2023 წელს მესტიაში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ლენტეხისა და მესტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რომელიც ახლო მომავალში დასრულდება (4 კმ. მონაკვეთია დარჩენილი).  გზის მთლიანი  მოცულობა 80 კმ-ია.

გარდა ამისა, როგორც კახა ჟორჟოლიანი განმარტავს, ტურისტული მარშრუტების მარკირება მოხდა, მოეწყო ე.წ. გზამკვლევები,  მოგვარდა ნარჩენების გატანის საკითხი  და არც გარე განათების კუთხით არის პრობლემა.  

მესტიის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჯამურად 30 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდა.  კახა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამ თანხის ნახევარზე მეტი  ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოიყო.

‘’ახალი გზების მშენებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის გამტარუნარიანობას, რაც საბოლოოდ ტურისტების რაოდენობაზე აისახება. ცნობილია, რომ ‘’საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გეგმავს თელავიდან მესტიის მიმართულებით ავიარეისის დანიშვნას, რაც სექტორზე ასევე დადებითად გავლენას მოახდენს. 

ახალი ტერმინალი კი  საშუალებას მოგვცემს  მოქალაქეები უფრო  სწრაფად გადაადგილდნენ და უკეთესი მომსახურება მიიღონ.  ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყნის შიგნით მობილობა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, რომ კიდევ უფრო საინტერესო გახდეს მესტია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს ირჩევენ, მთავარია გეოპოლიტიკური მდგომარეობა იყოს სტაბილური“, -  აცხადებს კახა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პროექტს „გრინ სტუდიო“ განახორციელებს.

პრემიერის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 11%-იანი ზრდაა,  აღნიშნულ პერიოდში  1 300 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც 1 მლნ ტურისტი იყო,

,,გვჭირდება განვავითაროთ ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ტურისტებს მაქსიმალური პირობები შევუქმნათ საქართველოში“, - აღნიშნა პრემიერმა.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით